„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით მინსკში „ქართული სავაჭრო“ სახლი გაიხსნება

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ საქართველო-ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წევრებს მინსკში „ქართული სავაჭრო სახლის“ გახსნასა და ამოქმედებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ არსებული მდგომარეობა გააცნო.

„საპარტნირო ფონდის“ შვილობილ „ქართული ნატურალური პროდუქტების“ კომპანიას საქართველოდან ბელორუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის განხორციელების უფლება მიენიჭა. ბელორუსში ქართული პროდუქციის ექსპორტი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით დაიწყება.

საქართველო-ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა დღეს ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნა. სხდომაში ბელორუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი მონაწილეობდა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ ბელორუსის მხარეს მადლობა გადაუხადა მინსკში შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ ამოქმედების ხელშეწყობისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში მინსკში „ქართულ სავაჭრო სახლს“ გახსნის. ხელაიას განმატებით, „ქართულ სავაჭრო სახლში“ წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ტრადიციული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ნიშური პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტსა და ბელორუსის ბაზარზე პოპულარიზაციას.

საქართველო-ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსტრმა კომისიის თანათავმჯდომარის სტატუსით ისაუბრა ორმხრივი პროექტების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ვაჭრობისა და წარმოების სფეროების დაახლოებას საქართველოსა და ბელორუსს შორის და აქცენტი გააკეთა „ქართული სავაჭრო სახლის“ ამოქმედების პოზიტიურ შედეგებზე.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მინსკთან საქართველოს მთავრობისა და „საპარტნიორო ფონდის“ მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოში წარმოებული ნატურალური პოდუქტების ექსპორტის მიზნით, ბელორუსის მთავრობამ ქალაქის ცენტრში გამოყო ფართი „ქართული სავაჭრო სახლის“ განთავსებისთვის. „ქართულ სავაჭრო სახლში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, მარანი და ენოთეკა განთავსდება, ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ნატურალური პროდუქტები, ქართული დასახელების ღვინოები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. მინსკში არსებული სავაჭრო სახლი ქართულ პროდუქციას გაუწევს პოპულაიზაციას.