ფადი ასლი - თუ უახლოეს დღეებში არ შეწყდება ზეწოლა „თიბისიზე“, ვაცნობებთ ICC-ის ყველა ეროვნულ კომიტეტს აგრესიული თავდასხმებისა და შანტაჟის შესახებ

თუ უახლოეს დღეებში არ შეწყდება ზეწოლა და შანტაჟი ჩვენი წევრის – „თიბისის“ მიმართ და არ დაიხურება პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდება, თუ ჩვენს წევრს – „ომეგა ჯგუფს“ არ მიეცემა შესაძლებლობა განაგრძოს თავისი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვრჩება, გარდა იმისა, რომ ოფიციალურად ვაცნობოთ და მსოფლიოს მასშტაბით გავაფრთხილოთ ICC-ის ყველა ეროვნული კომიტეტი იმ აგრესიული თავდასხმების, ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი ბიზნესისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ,“- ამის შესახებ აღნიშნულია ღია წერილში, რომელითაც საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავაჭრო პალატა ვალდებულია გააფრთხილოს უცხოური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნესრისკების შესახებ.

„ICC- საქართველო არასდროს მისულა მსგავს უკიდურესობამდე, მაგრამ, ვხედავთ რა განსაკუთრებულ აგრესიას უცხოელი ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესების მიმართ, ჩვენ ვეღარ დავხუჭავთ თვალებს და ვეღარ გავხდებით მოწმენი სხვა უდანაშაულო ბიზნესის შევიწროებისა და ზეწოლის.

ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაფრთხილოთ უცხოური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნესრისკების შესახებ“, - აღნიშნულია წერილში.

წერილში საუბარია იმ ბიზნესებზე, რომელთა პრობლემების უკანაც, წერილის ავტორის თქმით, ბიძინა ივანიშვილი დგას და მათ შორის „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებზე, რომლებსაც ფადი ასლის შეფასებით, პრობლემები ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეექმნა.

„ბიძინა ივანიშვილის ბოლო, მაგრამ არანაკლებ მასშტაბური ქმედება გახლავთ თავდასხმა „თიბისის“ დამფუძნებლებზე, მათი დაზარალების მცდელობები, შანტაჟი, ზიანის მიყენება ბანკისა და ანაკლიის პროექტისადმი, რომელიც მშენებლობის პროცესშია. სამწუხაროდ, თქვენი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყოველ ზომას მიმართავდა ამ დაწესებულების ხელშეშლისთვის, მათ შორის, 11 წლის წინ ფულის გათეთრების ცრუ ბრალდებით გამოძიების გაყალბებას, რაც მიზნად ისახავდა ბანკის დესტაბილიზაციას, დამფუძნებლების შანტაჟს და ანაკლიის მშენებლობისთვის ინვესტორთა დაფინანსების შეწყვეტას,“- აღნიშნულია წერილში.

ფადი ასლის თქმით, ამ მთავრობის მიერ დაფინანსებული შანტაჟის შედეგად ბანკმა ლონდონში მხოლოდ ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის კაპიტალიზაცია დაკარგა, რამაც გამოიწვია დამფუძნებლების ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსგან იძულებით გადადგომა შემდგომი ზარალის თავიდან ასაცილებლად. ამ ზიანს შეურაცხყოფაც დაემატა და, მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებლები უკვე შეუთანხმდნენ ეროვნულ ბანკს იძულებითი მორიგების თაობაზე, ხელისუფლებას ჯერაც არ შეუწყვეტია მათზე ზეწოლა და შანტაჟი ყველა შესაძლო გზით“, - ნათქვამია პრემიერისადმი ფადი ასლის მიერ გაგზავნილ ღია წერილში.