პირველი კერძო მულტიპლექს ოპერატორის „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი დავით ბეჟუაშვილს მისი კომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც დავით ზილფიმიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, დავით ბეჟუაშვილის კუთვნილმა კომპანიამ chemexim international, მისი, როგორც „სტერო პლუსის“ მთავარი მეწილის წინააღმდეგ 2 წლის წინ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მისთვის გადარიცხული 200 000 დოლარის უკან დაბრუნებას ითხოვდა. ამასთან, აცხადებდა, რომ აღნიშნული თანხა მან „სტერეო პლუსს“ სესხის სახით გადაურიცხა.
დავით ზილფიმიანის თქმით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და 200 000 დოლარი ბეჟუაშვილის კუთვნილმა კომპანიამ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისთვის მისცა.
კერძოდ, „სრტერეო პლუსის“ დამფუძნებლის თქმით, დავით ბეჟუაშვილმა მისგან რამდენიმე კომპანია შეისყიდა, თუმცა სანაცვლოდ ინვესტიციებს არ ახორციელებდა, რაც მისი დოკუმენტურად დაკისრებული მოვალეობა იყო. აღნიშნული 200 000 დოლარი კი, ამ ვალდებულების ნაწილსაც კი არ ფარავდა.
„დავით ბეჟუაშვილმა ეს თანხა გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ გადამიხადა. კერძოდ, მან რამდენიმე კომპანია იყიდა ჩემგან, სადაც მე ვახორციელებდი ინვესტიციებს და ის - არა. მაშინ როდესაც, მას დოკუმენტური ვალდებულება ჰქონდა, რომ ფული გადაეხადა. მან ამ ფულის ნაწილი გადაიხადა და პირველი შესაძლებლობა მიეცა თუ არა, თქვა, რომ ეს სესხი იყოო. ამის დამადასტურებელი არც ხელშეკრულება არსებობს და არც მოწმე ჰყავს. მხოლოდ ბანკის გადარიცხვა არსებებობს“,-აცხადებს დავით ზილფიმიანი.
მისივე ინფორმაციით, პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დავით ბეჟუაშვილის სარჩელი უსაფუძვლოდ სცნეს, ვინაიდან სესხის გაცემის თაობაზე ხელშეკრულება მტკიცებულების სახით რეალურად არ არსებობდა.
მას შემდეგ კი, დავით ბეჟუაშვილმა უზენაეს სასამართლოს მიმართა, ამ უკანასკნელმა ქვედა ინსტანციებისგან განსხვავებით, დავით ზილფიმიანის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და მის ქონებას ყადაღა დაადო.
„სტერეო პლუსის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ყოვლად უსაფუძვლოა, ამიტომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული სადავო ნორმის შეცვლას ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგში ითხოვს.
„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მიკერძოებულია. ეს არის მხოლოდ იმის დასტური, რომ ბეჟუაშვილი კვლავაც თაღლითური გზით აგრძელებს ბრძოლას. მას ტელევიზიის ჩაგდება უნდოდა ხელში, რაც არ გამოუვიდა. ეს მისი წესია, ყველა კომპანიას ამ გზით იგდებს ხელში. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე იყო მოწოდების სიმაღლეზე, მან დაბლოკა ყადაღის რეალიზაცია. ახლა შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ არაკონსტიტუციურად სცნოს უზენაესი სამამართლოს გადაწყვეტილება“,-აცხადებს დავით ზილფიმიანი.
ამასთან, დავით ზილფიმიანი მეორე მხარის არგუმენტებსაც პასუხობს: „არსებობს ორი ნიუანსი, პირველი - ბეჟუაშილის ადვოკატის თქმით, ეს ვალი იყო, რომლის დაბრუნებაც გვინდაო, რაც სიცრუეა. მხოლოდ ფულის ინტერესი რომ ჰქონდათ, სხვანაირად მოიქცეოდნენ და ტელევიზიის ყადაღამდე არ მივიდოდა საქმე. მეორე - როდესაც ფული ჩაირიცხა, ეს ადვოკატი თავად იყო ბეჟუაშვილის კომპანიის დირექტორი და ყველაზე კარგად იცის, ამ ფულის დანიშნულება.
გარდა ამისა, უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ თურმე მე უნდა მიმეწერა განხილვის საჯაროდ ჩატარების თაობაზე, რაც ასევე აბსურდია. მე ორი ინსტანციის სასამართლოს მოგებული მხარე ვიყავი და არა წაგებული, რომ განხილვაზე დასწრება მომეთხოვა. ასეთი პრეცენდენტი ბუნებაში არ არსებეობს. ეს არის უსუსური თავის გამართლება. უზენაეს სასამართლოში არის კასტა, ბეჟუაშვილს კი დიდი ხანია მათთან საქმე აქვს და ახლაც ეგონა, რომ გაუვიდოდა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში სვავმა ძვალი ვერ გაზომა“,-აცხადებს დავით ზილფიმიანი.
დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი კომპანიის chemexim international-ის ადვოკატი კი აცხადებს, რომ დავით ზილფიმიანის ბრალდებები უსაფუძვლოა. როგორც ზვიად კორძაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ეს იყო ვალი, რომელიც „სტერეო პლუსის“ დაფუძნებელმა უნდა დააბრუნოს.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია 1 წლის წინ, შესაბამისად, ამავე პერიოდიდან არის აღსრულებაში. ბატონი დავით ზილფიმიანის აქტიურობა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ არ შეასრულოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება. ვალის შემთხვევაში დადასტურება შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. ზეპირის დროს ამას ადასტურებს საბანკო გადარიცხვები. ბატონი ზილფიმიანი კი თანხის მიღებას არ უარყოფს და ეს დადასტურებულია სასამართლოთი“,-ამბობს ზვიად კორძაძე.
კითხვაზე, საბანკო გადარიცხვის დროს, დანიშნულებაში მითითებული იყო თუ არა სესხი - ადვოკატი ამბობს, რომ დიახ.
რაც შეეხება საკონსტიტუციო და სტრასტბურგის სასართლოებს, ზვიად კორძაძე ამბობს, რომ მათთვის მიმართვით დავით ზილფიმიანი აღსრულების ნორმებს ასაჩივრებს, რაც მისი საქმეა და დავით ბეჟუაშვილის ინტერესს ყადაღის დადება/მოხსნა არ წარმოადგენს.