დედაქალაქის მერიას მშენებლობის პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. საუბარია, ჭავჭავაძის 5ა-ში მდებარე „ლიბერთი სითიზე“, რომელიც კომპანია „ომეგა -2007-მა“ იყიდა, თუმცა მერია მშენებლობის გაგრძელების უფლებას არ აძლევს. როგორც კომპანიის პროექტის მენეჯერი ოლეგ ნიკოლეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროექტი, რომელიც 2008 წლიდან შეჩერებულია, დაუსრულებელი მშენებლობების კატეგორიაშიც გადის, თუმცა მერიის შესაბამისმა სამსახურმა მშენებლობის ნებართვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ გააგრძელა.
ამასთან, როგორც ოლეგ ნიკოლეიშვილი აცხადებს, დაზარალებულია 125 იპოთეკარი (2,0 მლნ აშშ დოლარი),1,2 მლნ აშშ დოლარი საქართველოს ბანკის ვალით და კიდევ სხვა ვალდებულებებით.მისივე ცნობით, შპს „ბანი-2007“ მზად იყო აღნიშნული ობიექტი აეშენებინა, 1,7 მლნ აშშ დოლარის ხარჯიც გაიღო, თუმცა ახლა როგორც მშენებლობა, ისე დაზარალებულები „ჰაერში გამოკიდებულნი არიან“.
„ეს პროექტი 2008 წლამდე დაუმთავრებელი მშენებლობების კატეგორიაში გადის, ამიტომ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფალია, შესაბამისად, ჩვენს ინტერესს წარმოადგენდა. შევხვდით დაზარალებულ 125 კაცს, რომლებიც მოტყუებულები არიან, მათ ფული გამოართვეს და ახლა ჰაერში არიან გამოკიდებულნი. პროექტი ტერიტორიულად ჭავჭავაძის 5ა-ში არის, კერძოდ, ატენის ქუჩის ბოლოს, სამშენებლო ქვაბულია. ჩავატარეთ როგორც გეოდეზია, ისე გეოლოგიური კვლევა, ყველა წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები, გზაც ოფიციალურად მიყვანილი გვაქვს, მაგრამ მშენებლობას ვერ ვახერხებთ“, - აცხადებს ოლეგ ნიკოლეიშვილი.
მისი ინფორმაციით, კომპანიას, რომელმაც აღნიშნული პროექტი წამოიწყო, მერიამ ვადა 7-ჯერ გაუგრძელა, შპს „ბანი-2007-ს“ კი არცერთხელ.„პირველ მესაკუთრე კომპანის თავიდან მიეცა 3-წლიანი ვადა, მაგრამ საერთოდ არაფერი გაუკეთებია. მუხედავად ამისა, მერიამ 7-ჯერ გაუგრძელა ვადა. როდესაც ჩვენ შევიძინეთ, 2017 წლის ნოემბერში, მორიგი გაგრძელებული ნებართვა სრულდებოდა 31 დეკემბერს. ჩვენ როგორ ვიფიქრებდით, რომ თუ მანამდე ვადა 7-ჯერ გაახანგრძლივეს, ჩვენ ერთხელაც არ გაგვიგრძელებდნენ. ვითხოვდით, რომ 2020 წლამდე გაეგრძელებინათ, რა დროსაც მშენებლობას დავასრულებდით“,- აცხადებს ოლეგ ნიკოლეიშვილი.
მისი თქმით, მერიის უარი ყოვლად დაუსაბუთებელი იყო, ამიტომ კომპანიამ სამართლებრივი გზით ბრძოლა გადაწყვიტა.
„მერიიდან მოგვივიდა უარი, ყოვლად დაუსაბუთებელი განმარტებებით. შემდეგ კიდევ მივმართეთ და საბოლოო პასუხი 2018 წლის 31 მარტს მოგვწერეს, რომლის შინაარსითაც გაოცებული იყო როგორც ჩვენი იურიდიული სამსახური, ისე ყველა კვალიფიციური პირი, ვისაც კი ამაზე ვეკითხებოდით.
მიზეზებში წერია, რომ 1 თვეში დასრულებას ვერ მოვასწრებით. რა თქმა უნდა, ვერ მოვასწრებდით, რადგან 15 ნოემბერს შევიძინეთ და დეკემბერში გადიოდა მორიგი გაგრძელებული ვადა, მაგრამ სწორედ ამიტომ ვითხოვდით გახანგრძლივებას. შეიძლება პროექტი არ მოგწონდეს და რაღაც შენიშვნები გქონდეს, მაგრამ ვადას არ გიგრძელებდნენ, ასეთი რამ წარმოუდგენელია.
ამის მერე ადმინისტრაციული სარჩელი შევიტანეთ 2-ჯერ, ქალაქის არქიტექტურის სამსახურში იყო განხილვა და შემდეგ უკვე მერიის იურიდიულ სამსახურში. თუმცა ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ“,- აცხადებს ოლეგ ნიკოლეიშვილი.
მისივე ინფორმაციით, როდესაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაუსრულებელ მშენებელობებზე ინტერესთა გამოხტვა გამოაცხადა, შპს „ომეგა -2007-მა“ გაფართოვებულ სხდომაზე კიდევ ერთხელ მიმართა მერიას:
„სხვისი მშენებელობა რატომ უნდა დაგვესრულებინა, როცა საკუთარი ჯდებოდა ამ კრიტერიუმში. გაფართოვებული სხდომა ილია ელოშვილმა ჩაატარა და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ შეჩერებული გვაქვს მშენებლობა და მზად ვართ გავაგრძელოთ. თუმცა, არაფერს გვეუბნებიან. ამიტომ ისევ ოფიციალური გზით წავედით და სასამართლოს მივმართეთ. პირველი მოსმენა 25 მარტს არის ჩანიშნული.
წარმოიდგინეთ, ქალაქის მერია ამბობს, რომ ეძებს დაუმთავრებელ მშენებელობებს, ჩვენ ვამბობთ, რომ აქ ვართ და დავასრულებთ, ისინი კი ნებართვას არ გვაძლევენ, პარადოქსია. შეიძლება ვიღაცის კერძო ინტერესია, არ ვიცი. ეს დაზარალებულებიც ჩვენთან მოდიან და იძულებული ვართ მერიაში გადავამისამართოთ“,- აცხადებს ოლეგ ნიკოლეიშვილი.„ბიზნესპრესნიუსმა“ აღნიშნულ საკითხზე დედაქალაქის მერიასაც მიმართა. უწყების პოზიციას ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.