გამოკვლევები აჩვენებს, რომ ათიდან შვიდი ამერიკელი თვითმავალ ავტომობილებს უფრთხის. თუმცა ამის მიუხედავად, მალე სწორედ შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ქალაქ ჰიუსტონში (შტატი ტექსასი), თვითმავალი ავტომობილ-რობოტები დაიწყებს გადაადგილებას, რომლებიც პროდუქტების მიმწოდებლის მოვალეობას შეასრულებენ.
რობოტების წარმოებაზე სპეციალიზებულმა კომპანია „ნურომ“, ამერიკაში საკვები პროდუქტებით უდიდეს საცალო სავაჭრო ქსელის მფლობელ კომპანია „კროგერთან“ ერთად, თვითმავალი მანქანა, R1 შეიმუშავა, რომელსაც ქალაქ სკოტსდეილში (შტატი არიზონა) ტესტირება უკვე ჩაუტარდა. ჰიუსტონში ის „კროგერის“ ორ მარკეტს მოემსახურება.
მომსახურების პროგრამის შესაბამისად, მომხმარებლები სასურველ პროდუქტებს ინტერნეტით შეუკვეთავენ და აღნიშნული მარკეტებიდან, შეკვეთებს სწორედ „ნუროს“ მანქანა-რობოტები შეასრულებენ. ოღონდ, პროგრამა ამ ეტაპზე შეზღუდულია და მიწოდების ახალი სერვისით მხოლოდ ქალაქის ოთხ უბანში მცხოვრები მომხმარებლები ისარგებლებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ, შეკვეთილი პროდუქტი იმავე ან მომდევნო დღეს მოითხოვონ. შეკვეთის საფასური 5.95 დოლარი იქნება.
პროგრამის დასაწყისში, „ნურო“ R1-ის ნაცვლად, „ტოიოტა პრიუსის“ თვითმავალ ვერსიას გამოიყენებს. კომპანიამ მსგავსი სტრატეგია არიზონაში ჩატარებული ტესტების დროსაც გამოიყენა. ამის მიზეზი ისაა, რომ „ნუროს“ ამ ეტაპზე მხოლოდ ექვსი ცალი R1 აქვს დამზადებული და ყველა მათგანი ჯერაც სკოტსდეილში მუშაობს.
R1-ის სიმაღლე 1.83 მეტრია და სიგანით, საშუალო ზომის სედანის ნახევარია. თვითმავალი ელექტრომობილი 680 კილოგრამს იწონის და აქვს მხოლოდ საბარგული, რომელშიც პროდუქტებით სავსე 12 ჩანთა თავსდება.
რაც შეეხება კომპანია „ნუროს“, ის „გუგლის“ ორმა ყოფილმა ინჟინერმა ჩამოაყალიბა, რომლებიც იქ სწორედ თვითმავალ ტექნოლოგიებზე მუშაობდნენ. მათმა ახალმა კომპანიამ სწრაფად მიიქცია ინვესტორთა ყურადღება - „ნუროს“ პროექტისთვის, იაპონურმა ტექნოლოგიურმა კომპანია „სოფტბანკმა“ 940 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაიღო.