5 ლარით დაწყებული ბიზნესი - „კოსმო“ საქართველოს ფარგლებს სცდება

5 ლარით დაწყებული ბიზნესი, სახელად - „კოსმო“, დღეს უკვე 25 ადამიანს ასაქმებს და რიგით მე-4 ფილიალის გახსნას გეგმავს. იშვიათი ორნამენტებით გაწყობილმა აქსესუარებმა საერთაშორისო მოწონებაც დაიმსახურა და სულ მალე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიყიდება.

როგორც „კოსმოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიზაინერი სოფო მუხულიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანია სულ ახლახანს დაბრუნდა ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენიდან, სადაც პოტენციურ დამკვეთებთან საკმაოდ წარმატებულ შეთანხმებებს მიაღწია.

ცნობისთვის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სამმა ქართულმა კომპანიამ „გეფერინი“, „ჰუმანოიდი“ და „კოსმო“ ჰონგ-კონგში ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე - „APLF” ქართული პროდუქცია წარადგინეს.

როგორც სოფო მუხულიშვილი ამბობს, ჰონგ-კონგში „კოსმოს“ წარდგენილი ჰქონდა ტყავის აქსესუარები - ჩანთები, საფულეები და ქამრები. ამასთან, კომპანიის მიერ წარმოებული ჩანთის ორი მოდელი, საუკეთესოთა შორის მოხვდა.

„ჰონგ-კონგიდან ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით, რადგან აბსოლუტურად ყველას მოეწონა ჩვენი პროდუქცია. აღნიშნავდნენ, რომ იყო განსხვავებული. აქსესუარები შექმნილი გვქონდა ქართულ თემატიკაზე. კერძოდ, ტრადიციული ეთნო სტილი გაერთიანებული იყო თანამედროვეობასთან. სანამ გაიგებდნენ, რომ ეს იყო ქართული პროდუქცია, მანამდე მოსწონდათ და შემდეგ, როდესაც ვუყვებოდით ყველა ნივთის ისტორიას, ყველანაირ მოლოდინს აჭარბებდა მათი რეაქციები. ჩვენთვის ეს გამოფენა იმითაც იყო გამორჩეული, რომ დავინახეთ ჩვენი სისუსტეები. ყველა გვეკითხებოდა, ჩვენი პროდუქცია რომელიმე სხვა ქვეყანაში თუ გადის. მათთვის გარკვეული რისკი იყო ის, რომ მანამდე სხვა ქვეყანასთან არ გვითანამშრომლია. ამიტომ, ამ მიმართულებას აუცილებლად გავაძლიერებთ“,- აცხადებს სოფო მუხულიშვილი.

რაც შეეხება დაინტერესებას, დიზინერის ინფორმაციით, „კოსმომ“ დიდი მოწონება დაიმსახურა, თავად ჰონგ-კონგის, ასევე აშშ-ის, შვედეთის, სამხრეთ კორეისა და ქუვეითის წარმომადგენლების მხრიდან.

„თვითონ ჰონგ-კონგიდან 2 შემოთავაზება მივიღეთ და ახლა უკვე ჩვენგან ელოდებიან კატალოგების გაგზავნას. დაინტერესება წამოვიდა შვედეთიდან, აშშ-დანაც. აშშ-სთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დიზაინერი ქალბატონი დაინტერესდა ჩვენი პროდუქციით, მას აქვს საკუთარი მაღაზიები და გაყიდვებს ონლაინაც აწარმოებს. საბოლოოდ მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ ერთობლივი მოდელი უნდა შევქმნათ. გარდა ამისა, სხვადასხვა იდეებიც მოგვივიდა, რომელზეც ალბათ, შევჯერდებით. ასევე დიდი დაინტერესება წამოვიდა სამხრეთ კორეიდან და ქუვეითიდანაც“,-ამბობს სოფო მუხულიშვილი.

როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები შეეხებოდა „კოსმოს“ სხვადასხვა ბრენდულ მაღაზიებსა და ონლაინ პლატფორმებზე განთავსებას. ამის პარალელურად კი, კომპანია საკუთარი პროდუქციის გაყიდვას აზერბაიჯანშიც გეგმავს.

„მიუხადავად იმისა, რომ ამ გამოფენაზე აზერბაიჯანი ვიზიტორებში არ იყო, ჰონგ-კონგის გამოფენის პარალელურად, აზერბაიჯანშიც გავაგზავნეთ გარკვეული მოდელები და სულ მალე იქაც გაიყიდება ჩვენი პროდუქცია. კერძოდ, საფულეები და საყურეები. ვფიქრობთ, რომ გაზაფხულიდან გაყიდვების სხვა წერტილებიც მოვიძიოთ“,-ამბობს სოფო მუხულიშვილი.

აღასანიშნავია, რომ „კოსმოს“ შექმნის ისტორია 3 წელსა და 6 თვეს თვლის, საინვესტიციო კაპიტალი კი მხოლოდ 5 ლარს შეადგენს. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, დასაწყის ეტაპზე მოდელებზე მხოლოდ 2 ადამიანი მუშაობდა, ახლა კი შტატიანი თანამშრომლების რიცხვი 25-ს შეადგენს.

„5 ლარი იყო ჩვენი საწყისი კაპიტალი. თავიდან სულ 2 ადამიანი ვიყავით, მე და თამარი, შემდეგ უკვე მოხდა გუნდის გაფართოება და ამ ეტაპზე 25 შტატიანი თანამშრომელი ვართ. ვფიქრობთ, რომ კიდევ გავფართოვდებით. მართალია წარმოება 3-წელიწადნახევარია დავიწყეთ, თუმცა უშუალოდ ტყავით წარმოებაზე 1 წლის წინ გადავედით. მანამდე ვაწარმოებდით ხის აქსესუარებს, რომელსაც დღესაც ვამზადებთ. დღეს უკვე უამრავი ნივთს ვთავაზობთ მომხმარებლებს. კერძოდ, აქსესუარებს, ბლოკნოტებს, ფოტოალბომებს, ჩანთებს, სანათებს და ა.შ. უკვე 3 ფილიალი გვაქვს. ამათგან ერთი სახელოსნო-შოურუმია, სადაც მომხმარებელს შეუძლია წარმოების პროცესს დაესწროს და თავადაც მიიღოს მონაწილეობა. ასევე ვთანამშრომლობთ რამდენიმე მაღაზიასთან, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, სადაც ჩვენი პროდუქცია იყიდება“,- აცხადებს სოფო მუხულიშვილი.

დიზაინერის თქმით, მოდელების შესაქმნელად კომპანია ძირითადად ქართულ ნედლეულს იყენებს, თუმცა იმის გამო, რომ ზოგიერთი დეტალი ადგილზე არ იწარმოება, სხვა ქვეყნებიდან შემოტანა უწევთ.

„ვიყენებთ როგორც ქართულს, ისე ექსპორტირებულ ნედლეულს. მაგალითად, ტყავი და ხე, კერძოდ, კაკლის ხის მასალა ქართულია. ეს უკანასკნელი უნიკალური ნედლეულია, რადგან მთელ ევროპაში ყველაზე მუქი მერქანი აქვს და საკმაოდ პოპულარულია. ეს ნედლეული კახეთში არსებული ხის საწარმოდან მოგვაქვს.

რაც შეეხება იმპორტირებულ ნედლეულს, ძირითადად ჩამოგვაქვს თურქეთიდან და ჩინეთიდან. ეს არის მეტალის დეტალები, მაგალითად, საყურის შესაკრავები და აშ. შემოტანა გვიწევს იმიტომ, რომ საქართველოში ფიზიკურად არ ხდება ამის წარმოება.

სამწუხაროდ, ნედლეულთან დაკავშირებით ქართულ ბაზარზე მუდმივად არის პრობლემები. მაგალითად, ტყავის ფერი, შეიძლება 11 თვე ჩავარდნა იყოს და კონკრეტული ფერის წარმოება აღარ ხდებოდეს. ან პრობლემა იყოს ტყავის სისქე. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, წარმოებას ხელს უშლის, თუმცა ვცდილობთ, რომ ესეც გამოწვევად აღვიქვათ და პრობლემა როგორღაც გადავჭრათ“,- ამბობს სოფო მუხულიშვილი

რაც შეეხება „კოსმოს“ პროდუქციის ფასებს, დიზაინერის თქმით, 4 ლარიდან იწყება და 590 ლარამდე მერყეობს.

ნინი ქეთელაური