DW: ელექტრომობილების ინდუსტრიის უარყოფითი მხარეები

ყველა თანხმდება იმაზე, რომ საწვავზე მომუშავე ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლა უალტერნატივოა და მას კაცობრიობისათვის სიკეთის მოტანა შეუძლია. როგორც DW წერს, საწვავზე მომუშავე ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას ბევრი დადებითი მხარე აქვს: არის ეკონომიური, ნაკლებად აბინძურებს გარემოს და ამცირებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მოთხოვნას.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ელექტრომობილების მასობრივმა წარმოებამ დააზარალა და ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ელექტრომობილების წარმოებაში მომუშავე ადამიანების, მათ შორის კი ბავშვების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კუმი ნაიდუმ განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად ელექტრომობილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუმცა არსებული პროგრესი ადამიანების გარკვეული ჯგუფის უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

ელექტრომობილების საწარმოებლად ყველაზე უფრო საჭირო მეტალს ლითიუმი წარმოადგენს, რის გამოც ბოლო პერიოდში მასზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ლითიუმს ძირითადად სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში მოიპოვებენ, განსაკუთრებით კი არგენტინასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

„საჭირო ლითონის მომპოვებელ მაღაროებში ასობით არასრულწლოვანი მუშაობს, რომელთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ამგვარად, კომპანიები მომხმარებელს ურთიერთგამომრიცხავი არჩევანის წინაშე აყენებენ: ადამიანები ან პლანეტა. რაც კატეგორიულად დაუშვებელია “- ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ ელექტროძრავების მწარმოებელ კომპანიებს Apple-ის , BMW-ს, Daimler-ისა და Renault-ის მსგავსად საჯაროდ გამოაქვეყნონ ინფორმაცია მათ მიერ დასაქმებული ადამიანების სამუშაო პირობების შესახებ.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა