„სათამაშო ბიზნესში თანხების მოძრაობა და ტრანზაქციები სრულიად უკონტროლოა“ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურა კუკულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, სისტემაში თანხების მოძრაობას და ტრანზაქციებს სახელმწიფო სტრუქტურები მხოლოდ ნაწილობრივ, იმ ნაწილში ხედავენ, რისი განაღდებაც ბანკით ხდება, მაგრამ როგორც კუკულაძე აღნიშნავს, არის სხვა უამრავი საშუალებაც, რაც არ საჭიროებს ბანკთან ურთიერთობას.
„საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციებიც იყო იმაზე, რომ ამ სისტემის ისე განვითარება, როგორც საქართველოში ვითარდება, ფულის გათეთრების საფრთხეს შეიცავს. ზოგადად აზარტული თამაშები შეიცავს ფულის გათეთრების ძალიან მაღალ რისკს, ჩვენთან კი ყველა ტრანზაქცია უკონტროლოა.
სექტორის, სისტემის ბრუნვის მოცულობის გარდა არანაირი ინფორმაცია არ არის და არავინ იცის თუ რა ხდება ამ სისტემაში. საუბარი აღარ არის იმის გაკონტროლებაზე - თუ ვინ ვის ან რამდენი გადაურიცხა. მიმდინარე ეტაპზე ფაქტია, რომ სახელმწიფოს ოფიციალურად არ აქვს აღიარებული, რომ ამ კონკრეტულ ტრანზაქციებს აკონტროლებს. შედეგად კი ვიღებთ, რომ საბანკო სივრცეს მოქალაქეთა ცხოვრებაში ძალიან სწრაფი ტემპით იკავებს ონლაინ-აზარტული სივრცე და პრობლემა გაცილებით მწვავეა, ვიდრე ჩანს,“-აღნიშნა კუკულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტთა ცნობით, დაახლოებით 1 წელია, ბაზარზე საკმაოდ აქტიურად ჩნდება, სათამაშო ბიზნესის მიერ შექმნილი საკუთარი პლასტიკური ბარათები, სადაც თანხის ბრუნვა დაფარულია და არ ჩანს საბანკო ამონაწერებში. ეს ყველაფერი კი, სპეციალისტების შეფასებით, გაართულებს მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, გაზრდის საბანკო რისკებს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად.