ბათუმის მერიის წინააღმდეგ საჩივარი კონკურენციის სააგენტომ დაუშვებლად ცნო

კონკურენციის სააგენტომ შპს „დელფინის“ საჩივარზე, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევას შეეხებოდა, მოკვლევა არ დაიწყო.

მომჩივანი კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნევდა მერიის სამ ქმედებას: 1) ხელშეკრულების დადება შპს BATTUN-თან შპს „დელფინთან” შედარებით ოცჯერ ნაკლები საფასურით; 2) უმოქმედობა შპს BATTUN-ის უკანონო მშენებლობაზე და 3) ხელშეკრულების არშეწყვეტა შპს BATTUN-თან.

„საქმის მასალების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი ქმედება - ხელშეკრულების დადება შპს BATTUN-თან ოცჯერ ნაკლები საფასურით - ხანდაზმულია. რაც შეეხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მეორე და მესამე ქმედებებს - უმოქმედობა უკანონო მშენებლობაზე და ხელშეკრულების არშეწყვეტა, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ დღეის მდგომარეობით, ხსენებული ქმედებები სასამართლოს შესწავლის საგანია. ამდენად, მათი შეფასება სცილდება კონკურენციის სააგენტოს კომპენტენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ შემთხვევაში - ხანდაზმულობისა და ორ შემთხვევაში - შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ,“-აღნიშნულია განცხადებაში.

თაია არდოტელი