სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს სამშენებლო სექტორი შემცირდა.
"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 41 077.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, კლება მხოლოდ მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა და შემცირებამ 3.1 პროცენტი შეადგინა. ხოლო ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება, ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი და კავშირგაბმულობა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან მოყოლებული სამშენებლო სექტორი პირველად შემცირდა. კერძოდ, ბოლო წლების ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამშენებლო სექტორი ეკონომიკის მზარდ დარგებს შორის ერთ-ერთი იყო. კერძოდ, 2015 წელს - მშენებლობის სექტორში - 15,2%-იანი; 2016 წელს - 8,1%-იანი; 2017 წელს კი 11,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
აღნიშნული მენაშენეების შეფასებით, შესაძლოა, უკავშირდებოდეს 2018 წლიდან დედაქალაქის მერიის მიერ სამშენებლო სექტორში ახალი პოლიტიკის გატარების დაწყებას, რაც სამშენებლო ნებართვების შეზღუდვას გულისხმობდა. ამასთან, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მთავრობის 41-ე დადგენილებაც, რამაც პროექტები „გაჭედა“.