სახელმწიფო არასდროს ექცევა ფულს ეფექტიანად, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს თანამშრომლების ხელფასების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, კვირა არ გავა, პარლამენტში არ შევიდეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ახალ-ახალი ბიუროკრატიული სახელმწიფო ორგანიზაციები არ იქმნებოდეს.
„ყველა კანონს თან სდევს რაღაც ახალი სააგენტო. აი, ახლა ვიხილავთ მიწის შესახებ კანონს და იქაც იქმნება ახალი სააგენტო. საპენსიო ფონდის თავმჯდომარეს აქვს 15 ათასი ლარი ხელფასი. საბჭოს წევრებს, რომლებიც ჩამოვლენ 3 თვეში ერთხელ ან შეიძლება არც ჩამოვიდნენ, 5 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეთ. რა ენაღვლებათ, ხალხის ფული. თორემ აბა თავისი ჯიბიდან ივანიშვილი 5 ათასს კი არა 50 ლარს არ დაუნიშნავს. იგივე 5 ათასი ლარი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს უქნარა წევრს, რომელიც წელიწადში ერთხელ თუ იტყვის რამეს. სახელმწიფო არასდროს ექცევა ფულს ეფექტიანად და აქ რაღაც პარტიული ლობირების მომენტიც არის. ვიღაცას დანიშნავენ ისეთს, ვინც მერე არჩევნებში მოემსახურებათ“, - განაცხადა გოცირიძემ.