პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ყველა ის მოთხოვნა, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში გათვალისწინებულია.
როგორც დეპუტატი განმარტავს, ”სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში ასახულია სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა, მათთვის ხელფასების მომატება, მათი უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა.
სოციალური მუშაკების მიერ დღეს დაწყებულ გაფიცვას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
“გაფიცვა, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა. ვიცი, რომ ბევრი გამოწვევაა ამ სფეროში და მათი მოთხოვნები სამართლიანია. ამიტომ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაიწყო საკანონმდებლო ორგანოში მათ პრობლემებზე საუბარი 2017 წელს და სწორედ ამიტომ ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით მივიღეთ ახალი კანონი ”სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელმაც მთლიანად მოაწესრიგა სოციალური მუშაობის სფერო და გააძლიერა სოციალური მუშაკების პროფესია. ამ ფუნდამენტურ რეფორმაში დიდი მხარდაჭერა მქონდა მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, დღევანდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის, ასევე დავით სერგეენკოს.
იმის გამო, რომ სახელმწიფოს 2019 წელს არ ჰქონდა არც შესაბამისი ფინანსური სახსრები, არც ადამიანური რესურსი, რეფორმის რეალური ამოქმედება 2020 წლიდან იწყება. მიღებული კანონის საფუძველზე გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა, მათთვის ხელფასების მომატება, მათი უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა. ჩვენი მიზანია სოციალური მუშაკების არა მხოლოდ რაოდენობის, არამედ, ხარისხის უზრუნველყოფა, ამიტომ ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ამა წლის თებერვლიდან რეფორმის დეტალებს ვაცნობთ მოქმედ სოციალურ მუშაკებს, ვიწყებთ სერტიფიცირების პროცესს.
ყველა მოთხოვნა, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, უკვე გათვალისწინებულია კანონში. მე მესმის მათი მოთხოვნების სამართლიანობის, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, სამინისტრო მის ხელთ არსებული რესურსებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კონსენსუსის მიღწევა იყოს შესაძლებელი“, - აცხადებს კილაძე.
ამასთან, სოციალური მუშაკების სფეროში დაგეგმილი რეფორმის მიმდინარეობის თემაზე 29 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მოსმენა დაიგეგმა.
“იმედს ვიტოვებ, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არ დაზარალდეს არც სოციალური მუშაკების და არც ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი საჯარო ინტერესი, რომელსაც ეს პროფესია ემსახურება“, - აღნიშნა კილაძემ.