ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 36 მილიონ ლარზე მეტი. ამასთან, მოხდება ქალაქის 10 ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის მოხდება სანიაღვრეების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას, ბარამიას და ქობულეთის ქუჩებს.
სოფლებში 16 გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. ამასთან სრული რეაბილიტაცია უტარდება რუხი-რიყე ტყაიას 10 კილომეტრიან გზას, რითაც გადაიჭრება მრავალწლიანი პრობლემა.
გზების რეაბილიტაცია განხორციელდება შემდეგ სოფლებში: ჩხოუში, ზედაეწერში, რუხში (საავადმყოფოსკენ მიმავალი გზა და ზაურ თოდუას ქუჩა), ჭკადუაშში, გრიგოლიშში, ჭითაწყარში, ბაღმარანში, აბასთუმანში, ნარაზენში (შამადელას დამაკავშირებელი გზა, საბეჭვაიოს უბნის გზა), ოქტომბერში (დევნილთა ჩასახლებიდან ანაკლიის ცენტრალურ გზამდე), ოფაჩხაფუში (ნარაზენთან დამაკავშირებელი გზა, ახალსოფელთან დამაკავშირებელი გზა).