Starbucks-ი ყავის ჭიქებს ცვლის და მიტანის სერვისს აფართოვებს

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და აღიარებული ყავის მწარმოებელი კომპანია Starbucks-ი პლასტმასის ნაცვლად გადამუშავებადი ჭიქების გამოყენებას აპირებს. კომპანიას დაგეგმილი აქვს ჭიქების წარმოებაში ბოჭკოვანი მასალისა და ქაღალდის გამოყენება, რის შედეგადაც უკვე გამოყენებული ჭიქების გადამუშავება გაცილებით უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი და გარემოს ნაკლებად დააზიანებს.

კომპანიის განცხადების მიხედვით, მომავალი წლიდან ცვლილება ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, სიეტლში, ლონდონსა და ბრიტანეთის კოლუმბიაში სატესტო რეჟიმში ამოქმედდება. Starbucks-ს ასევე მიზნად აქვს მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებით ცვლილებების გატარება. კერძოდ კი ცვლილება შეეხება პროდუქტის მობილური აპლიკაციით შეკვეთისა და სახლში მიტანის მომსახურებას. ისინი აცხადებენ, რომ ცვლილება დამოკიდებული იქნება კონკრეტულ რეგიონში Starbuck-ის კაფეების განლაგებაზე. მაგალითისათვის, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ორი კაფედან ერთი მომხმარებლებს ადგილზე მოემსახურება, მეორე კი მათ სახლში მიტანის სერვისს შესთავაზებს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან 2018 წლამდე, მას შემდეგ რაც Starbucks-მა მომხმარებლებს პროდუქტის მობილური აპლიკაციით შეკვეთის შესაძლებლობა მისცა, მომხმარებელთა მიერ შეკვეთების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა