საქართველოში ფისტას ბაღები შენდება -  „პირველ  ეტაპზე,  დაახლოებით, 10 000 ნერგის გავრცელებას ვგეგმავთ“

2019 წელს საქართველოში ფისტას ბაღები რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გაშენდება. ამის შესახებ "საქართველოს ფისტას ასოციაციის" აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ East Fruit-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტის წარმოებით რამდენიმე ათეული ფერმერი უკვე დაინტერესებულია და მათთან ასოციაციის ექსპერტები ინტენსიურ კონსულტაციებს მართავენ, რათა მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გააშენონ ბაღი და რა დოკუმენტაციაა საჭირო სახელმწიფო ხელშეწყობის მისაღებად.

ამჟამად "საქართველოს ფისტას ასოციაციის“ რეკომენდაციაა, რომ მოხდეს თურქული ჯიშის ფისტას გაშენება. ოთარ ანგურიძის თქმით, აღნიშნული სახეობა საქართველოს ნიადაგისა და კლიმატური პირობებისთვის ყველაზე ოპტიმალურია.

მისივე ინფორმაციით, ასოციაცია აქტიურად თანაშრომლობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე, „აგროცენტრ სანუგეშოსთან“, რომელიც ასოციაციის წევრია და ის რამდენიმე წელია, რაც საქართველოში სხვადასხვა ჯიშის ფისტას მოყვანის ტექნოლოგიებს სწავლობს. აღნიშნული შედეგებით კი, ოთარ ანგურიძის თქმით, საქართველოს პირობებში საუკეთესო თურქული ჯიშის ფისტაა.

„ეს ჯიში შედარებით გვიან პერიოდში ყვავილობს, ამიტომ ნაყოფის მოყინვის საშიშროება არ არსებობს. ამასთან, თვითონ ნერგი საკმაოდ ყინვაგამძლეა. მას შეუძლია -20-25 გრადუსს გაუძლოს, რაც საკმაოდ იშვიათია ამ კულტურისთვის.

აღნიშნულ ჯიშეზე დაკვირვება ხორციელდება ჩვენი ერთობლივი პროექტების - „ფისტა ჩვენს ოჯახებში“ და ასევე „ფისტას ბაღები საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც მესამე წელია მიმდინარეობს“,-აცხადებს ოთარ ანგურიძე.

მისივე ინფორმაციით, ასოციაციას უკვე გადაეცა 4000-ზე მეტი ფისტას ნერგი, რომლის გაშენება და შემდეგ მონიტორინგი მოხდება.

„ხეები უკვე დაირგო ბარსა და მთაში. საერთო ჯამში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 10 000 ნერგის გავრცელებას ვგეგმავთ“,- განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო მხარდაჭერას, ამ ეტაპზე პროექტის „დანერგე მომავალი“ , „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ კახეთის რეგიონზე ვრცელდება. თუმცა, ოთარ ანგურიძის თქმით, ასოციაცია გამოდის ინიციატივით, რომ სახელმწიფო დაფინანსება გავრცელდეს, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებშიც, სადაც აღნიშნული კულტურისთვის შესაფერისი ტერიტორია და პირობებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფისტა შეტანილია იმ პროდუქტების ნუსხაში, რომლის გაშენებაც პროექტის - „დარგე მომავლი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსებით მოხდება.

ოთარ ანგურიძის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში ფისტას რამდენიმე პლანტაცია გაშენდა, თუმცა სამრეწველო მოსავალი მათ ჯერ კიდევ არ აუღიათ. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ფისტა მთლიანად იმპორტირებულია, რომლის ნაწილიც შემდეგ რეექსპორტზე გადის.

მაგალითისთვის, 2017 წელს საქართველოდან 0,5 მლნ დოლარის ღირებულების ფისტა გავიდა, ხოლო 2018 წელს - 11, 5 მლნ დოლარის.

ცნობისთვის, „ფისტას ასოციაცია“ 2016 წელს შექმნა და დღეის იმდგომარეობით უკვე 6 000 ფერმერს აერთიანებს.

ნინი ქეთელაური