ოთხი დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე - როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას

2019 წლის 1-ლი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს სისტემის დატოვების უფლება მიეცემათ.

კერძოდ, საუბარია იმ დასაქმებულ პირებზე, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წლის ან მეტი ასაკის იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ 1-ლი აპრილი სქემიდან გასვლისთვის განსაზღვრული მინიმალური ვადაა, თუმცა, ეს თარიღი შესაძლოა, ინდივიდუალური იყოს. კერძოდ კი, პირები რომელთაც ამის უფლება აქვთ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლას პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების (ხელფასის ჩარიცხვის) დღიდან 3 თვის შემდეგ შეძლებენ. როდის განხორციელდა პირველი საპენსიო შენატანი, ამის გადამოწმება კი მოქალაქეებს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე შეუძლიათ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სქემიდან გასვლისთვის პირებს ორთვიანი ვადა აქვთ ანუ სისტემიდან გასვლა 1-ლი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პერიოდში, პირი საპენსიო სქემას არ დატოვებს, ის სისტემის მონაწილედ დარჩება.

რაც შეეხება პროცედურას, საპენსიო სქემიდან ამორთვისთვის, აუცილებელია მოქალაქე მივიდეს საპენსიო სააგენტოს ფილიალში ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში და მიმართოს სააგენტოს განცხადებით. ამისთვის მოქალაქეს თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო თუ მის ნაცვლად სხვა ადამიანი მივა განაცხადის დასაწერად შესაბამისი მინდობილობა უნდა ჰქონდეს. სქემიდან გასვლა განცხადების დაწერისთანავე მოხდება, ხოლო ამის შემდეგ 1 თვის პერიოდში სისტემიდან გასულ დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს ფონდში განხორციელებული შენატანები დაუბრუნდებათ.

ამ 3 თვის განმავლობაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხა, დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს საპენსიო შენატანები სრულად დაუბრუნდებათ.

კონკრეტულად კი, დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს; დასაქმებულის სახელით, განხორციელებული შენატანები და საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება და დაუბრუნდება დასაქმებულს (შემდეგ დამსაქმებლის მიერ მოხდება დასაქმებულისთვის დაბრუნება); სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შენატანები და საინვესტიციო შემოსავალი კი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადაირიცხება.

ცნობისთვის, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც საპენსიო სქემიდან გასვლის უფლება ექნებათ 230 ათასია.

თაია არდოტელი