მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით გამოწვევაა საბანკო რეგულაციები და ჩანაწერი კონსტიტუციაში, რის გამოც სოფლის მეურნეობა ბანკისთვის მიმზიდველი ვერ ხდება, რამდენადაც სოფელში მომუშავე მეწარმეებისთვის ძირითადი აქტივი მიწაა, რომელსაც ბანკი იპოთეკით არ ტვირთავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რის წინაშეც ქალი მეწარმეები დგანან, არის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა, განათლება და სარეალიზაციო ბაზარი.
„ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა რჩება. თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ვფიქრობ ძალიან ბევრ მეწარმეს გაუჭირდება საქმის დაწყება და საქმიანობის გაფართოება, რაც პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკას. განათლების ნაწილში უფრო მეტი წინსვლა შეინიშნება როგორც დონორი ორგანიზაციების, ისე სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ზამბახიძემ.
როგორც „ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე განმარტავს, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც აფერხებს მეწარმეებისთვის ფინანსების მოზიდვას ამ სექტორის მიმართ დაბალი სანდოობაა, თუმცა ძირითადად ეს პრობლემა საბანკო რეგულაციებითაა გამოწვეული. გამოსავალს კი მოქნილი რეგულაციების შემუშავებაში ხედავს.
„ვფიქრობ, უფრო მოქნილი რეგულაციებია საჭირო. გადასახედია საბანკო რეგულაციები, ასევე მიწის შესახებ ორგანული კანონი, რომლის ამოქმედებაც იგეგმება, უფრო ლმობიერი უნდა იყოს“, - განაცხადა ზამბახიძემ.
„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რამდენად მისაღებია მიწის შესახებ ორგანული კანონის ინიციატორის, ოთარ დანელიას განცხადება, რომ შესაძლოა, საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც რამდენიმე წლის განმავლობაში არ დაამუშავებს კუთვნილ მიწას სახელმწიფო დაფინანსებისა და საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა შეეზღუდოთ, ზამბახიძე აცხადებს, რომ ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გარეშე სოფლად მიწის დამუშავება შეუძლებელია.
„დღეს ნამდვილად პრობლემაა დაუმუშავებელი მიწები. ხელმისაწვდომობის გარეშე, თუ ფერმერი ბანკიდან სესხს ვერ აიღებს და სახელმწიფო მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ცხადია მიწასაც ვერ დაამუშავებს. ეს ერთმანეთთან კავშირშია. ქვეყანაში არსებული რეალობიდან გამომდინარე რეგულაციები უნდა ერგებოდეს ადამიანებს და არა პირიქით“, - განაცხადა ზამბახიძემ.