„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეცმმართველი ისევ რჩება

ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალურ მმართველს გიგლა თამაზაშვილს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 მარტის საჯარო სხდომაზე მიიღო. შესაბამისი ცვლილებები შევიდა „თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში.

ცვლილებების თანახმად, გიგლა თამაზაშვილი სპეციალური მმართველის თანამდებობას 2019 წლის პირველ მაისამდე დაიკავებს.

ცნობისათვის, „ყაზტრანსგაზ-თბილისი” 2018 წელს კომპანიამ „ვალთბეი“ (Waltbay) შეიძინა. აღნიშნული კომპანია საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის – შპს სი ბი ეს ჯგუფის ნაწილს წარმოადგენს. „სი ბი ეს ჯგუფი“ 2013 წლის 25 მარტს დაარსდა. ოფიციალურ საიტზე მითითებული ინფორმაციით, „სი ბი ეს ჯგუფის“ პარტნიორი კომპანიები არიან „კავკაზუს ონლაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“, შპს ,,მობიტელი’’ (,,ბილაინი’’), „ჯორჯიან სერვის ნეთვორქი“ და TÜV Rheinland. კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.