Google-ში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საავტორო უფლებებზე რეფორმა ეკონომიკის კრეატიულ სექტორს დააზიანებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Fortune ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამშაბათს ევროპარლამენტარებმა მიიღეს დირექტივა, რომელიც ინტერნეტში საავტორო უფლებებზე კონტროლს გააძლიერებს. ახლა კანონპროექტი ფორმალურად ელოდება ევროკავშირის საბჭოსგან თანხმობას, ამის შემდეგ კი ევროკავშირში ამოქმედდება ორწლიანი ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც ამოქმდდება კანონმდებლობა.
Google-ში განაცხადეს, რომ მიუხედავად ტექსტში კორექტივების შეტანისა, ის მაინც გამოიწვევს კანონის მიმართ გაურკვევლობას და ზიანს მიაყენებს ეკონომიკის ციფრულ და კრეატიულ სექტორს.
ახალი წესები ნიშნავს, რომ ამერიკული კომპანია ვალდებული გახდება გადაუხადოს კომპენსაცია გამომცემლებს, ხელოვნების სფეროში მოღვაწეებსა და მუსიკოსებს. კონკრეტულად ახალი დირექტივა ითვალისწინებს, რომ ინტერნეტ პლატფორმებს ინტერნეტში კონტენტის ატვირთვისას მოუწევთ თანხმობის მიღება მისი შემქმნელისა თუ მფლობელისგან, რაც ამავდროულად ითვალისწინებს ფულად კომპენსაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საავტორო უფლებების კანონდამრღვევებად გამოცხადდებიან. თუმცა მსგავსი ზომები არ მიიღება გამონაკლისი საიტების მიმართ, მაგალითად „ვიკიპედიის“ წინააღმდეგ. ასევე არ უნდა მოხდეს ავტორების ანაზღაურება მათი ნაწარმოებების მოკლე ციტირების ან პუბლიკაციებზე პაროდიების დროს.