CNNMoney: Boeing-ი კრიზისშია, Airbus-ის გაყიდვები კი იზრდება

5 თვის განმავლობაში 2 ავიაკატასტროფის შემდეგ, Boeing-ის თვითმფრინავებზე მოთხოვნა შემცირდა, მისი მთავარი კონკურენტის - Airbus-ის ხომალდებზე კი გაიზარდა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში არსებულმა ავიაკომპანიებმა Airbus-ის 300 ხომალდი შეუკვეთეს - ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება Airbus-სთვის და ამავე დროს დიდი დამარცხება Boeing-სთვის.

როგორც ცნობილია, Boeing-ის ბესტსელერი თვითმფრინავი 737 Max-ი მეოთხე თაობის თვითმფრინავად ითვლება, თუმცა ჩინელებმა უპირატესობა მაინც ამ კომპანიის კონკურენტს Airbus' A320-ს მიანიჭეს.

ექსპერტთა აზრით, თუ Boeing მალე მოახერხებს, კომპანია ახალ და თანამედროვე სისტემაზე გადაიყვანოს, მისი თვითმფრინავები ისევ ყველაზე გაყიდვადი იქნება და ისინი ისევ გაუწევენ კონკურენციას სხვა წარმატებულ კომპანიებს. Boeing-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ისინი მალე მოახერხებენ პროგრამის განახლებას, აღმოფხვრიან უსაფრთხოების პრობლემებს და ასევე, დაეხმარებიან გამოძიებას.

გასულ წელს, Boeing-ის კომპანიამ 737 Max-ის ხომალდებზე 675 შეკვეთა მიიღო და ამავე დროს მათ 13 ახალი დიდი მყიდველი მიიზიდეს. მათ Airbus A320-ის შეკვეთებს, რომელიც გასულ წელს 541 იყო, საგრძნობლად გადააჭარბეს, თუმცა სიტუაცია ავიაკატასტროფების შემდეგ შეიცვალა.

ექსპერტების აზრით, საქმე გვაქვს ორ დიდ კომპანიასთან, რომლებიც ცდილობენ უფრო და უფრო მეტი თვითმფრინავი გაყიდონ, მეტი ახალი შეკვეთა მიიღონ და არ ცდილობენ გააუმჯობესონ თვითმფრინავების უსაფრთხოების ხარისხი, გადაამზადონ მფრინავები და სხვა.

თუმცა, ბოლო პერიოდში მომხდარმა ავიაკატასტროფებმა, რომელიც Boeing-ის თვითმფრინავებმა განიცადეს, საშუალება მისცა Airbus-ს უფრო მეტი მომხმარებელი მოეზიდა. 10 მარტს ეთიოპიის ავიახაზების Boeing 737 Max 8-ის ავიაკატასტროფის გამო ჩინეთმა ადგილობრივი ავიახაზების, რომელიც ამავე მოდელს იყენებენ, ფრენები შეაჩერა. ასევე შეკვეთა გააუქმა ინდონეზიის ავიახაზებმა, რომელსაც 50 თვითმფრინავზე ჰქონდა შეკვეთა გაკეთებული. ამ შეკვეთის ღირებულება კი 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, Boeing-ის თვითმფრინავებზე მოთხოვნის შემცირება არ არის მხოლოდ ავიაკატასტროფების შედეგი. ჩინურ კომპანიებსა და Airbus-ს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ Boeing-ის თვითმფრინავის პირველ ავიაკატასტროფამდე, ოქტომბერში დაიწყო. ერთ-ერთი ექსპერტის მტკიცებით კი ეს ყველაფერი ამერიკისა და ჩინეთის პოლიტიკას უკავშირდება.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ