უოლ სთრითის კომპანიებმა 27 მილიარდი დოლარის მოგება მიიღეს

ნიუ იორკის შტატის კონტროლერთომას დინაპოლის ოფისის ინფორმაციით, უოლ სთრითის კომპანიებმა შარშან ჯამში 27 მილიარდი დოლარის მოგება მიიღეს. ეს კი ბოლო რვა წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

სახელმწიფო მოხელის ოფისის მონაცემებით, აღნიშნული კომპანიების მოგებამ გადასახადების გადახდამდე, 27.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 11 პროცენტით მეტია.

რეგულატორების მიერ ახალი შეზღუდვების მიუხედავად, რომელთა მიზანსაც, ბოლო კრიზისის გამეორების თავიდან აცილება წარმოადგენს, 2015 წლის შემდეგ, უოლ სთრითის ფირმების მოგება, თითქმის გაორმაგდა. ცნობისათვის, 2008 წლის კრიზისის დროს, უოლ სტრიტის ფირმების დანაკარგებმა 42.6 მილიარდ დოლარს მიაღწია.

გასული წლის ბოლოს, დიდი ბანკების მოგება ძლიერ დააზარალა ბაზრის ძლიერმა რყევამ. S&P 500-ს დიდი დეპრესიის შემდეგ, ყველაზე უარესი დეკემბერი ჰქონდა. ამის მიზეზი გახდა გარდაუვალი რეცესიის მოლოდინი. მაგრამ ამის მიუხედავად, უოლ სთრითმა წელიწადი კარგი მაჩვენებლებით დაასრულა.

დინაპოლის ოფისის ანგარიში მხოლოდ ნიუ იორკის საფონდო ბაზარზე მომუშავე საბროკერო ფირმების საქმიანობას მოიცავს და არ ეხება ამ ფირმების მფლობელ კომპანიებს, რომლებსაც გაცილებით მეტი მოგება აქვთ.

იმავე ოფისის ინფორმაციით, უოლ სთრითის ფირმებმა თავის თანამშრომლებზე ჯამში 27.5 მილიარდი დოლარის ბონუსები გასცეს. საშუალოდ თითო თანამშრომელზე გაცემული ბონუსების მოცულობამ კი 153 700 დოლარი შეადგინა. ეს კი დაახლოებით 17 პროცენტით ნაკლებია შარშან გაცემულ საშუალო ბონუსებზე, რაც 184 400 დოლარი იყო.