ფინანსური ინსტიტუტების მიმართ სანქციები მკაცრდება.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. კერძოდ, მიდგომები მკაცრდება კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და საკრედიტო კავშირების მიმართ.
მათ შორის ცვლილების თანახმად, კომერციული ბანკების შემთხვევაში:
- ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ან შემუშავებული ფორმითა (მათ შორის, არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა) და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა თითოეულ ფაქტზე – 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. (არსებული ჯარიმის ოდენობა 1000 ლარს შეადგენდა)
- ამასთან, სებ-ის გადაწყვეტილების თანახმად, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში (კრედიტინფო) ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით;
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესიდან“ გამომდინარე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით;
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესიდან“ გამომდინარე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების განმეორებით ან მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი 20 000 ლარით დაჯარიმდება.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანების მიხედვით, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდების, ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ასევე 1 000 ლარით დაჯარიმდება - მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები.