თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსების რეფორმით უკმაყოფილო მძღოლებთან კონსულტაციებისთვის მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ თბილისის მერმა „ფეისბუქის“ გვერდზე, ჩართვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულება დასარეგულირებელი და მოსაწესრიგებელია, რაზეც ყველა თანხმდება.
„გუშინ იყო აქცია. გამოსული იყო ადამიანების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებდა ტაქსების რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ მზაობა შევხვედრილიყავთ ამ ადამიანებს. დღესაც გვაქვს მზაობა შევხვდეთ მათ, შეუძლიათ მათ გააკეთონ ხუთკაციანი, ან ათკაციანი ჯგუფები, რომლებსაც ენდობიან და ნებისმიერ დროს, ჩვენ მზად ვართ მათ შევხვდეთ და მათ კითხვებს გავცეთ კომპეტენტური პასუხები. მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს მიმართულება არის დასარეგულირებელი და მოსაწესრიგებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.