საქართველოს ბანკის ჯგუფმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში მათ შორის, ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის შემოსავალიც არის მოცემული. შეგახსენებთ, რომ კიკნაველიძემ პოსტი მიმდინარე წლის იანვარში დატოვა. როგორც მაშინ ბანკში აცხადებდნენ, „საქართველოს ბანკის სამეთავლყურეო საბჭომ კახა კიკნაველიძესთან ერთობლივი განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სწორედ ახლა არის სწორი დრო, რათა არჩეული იქნას ახალი გენერალური დირექტორი, ბიზნესის ახალ საფეხურზე ასაყვანად“.
რაც შეეხება კიკნაველიძის შემოსავალს, ანგარიშის თანახმად, 2018 წელს მისმა მთლიანმა შემოსავალმა 3,139,552 აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ნაღდი ფულადი თანხის სახით მიღებული ანაზღაურება - 295,000 აშშ დოლარი იყო.
ცნობისთვის, ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე კიკნაველიძე 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. კარიერა მან ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე სწორედ საქართველოს ბანკში დაიწყო 1994 წელს, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა UBS-სა და Troika Dialog-ში, ასევე იკავებდა „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტს 10 წლის განმავლობაში.