ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გამორიცხავს, რომ საბანკო რეგულაციები, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, სრულად გაუქმდეს.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ რეგულაციებში მცირე ცვლილებები შესაძლოა, შევიდეს, თუმცა ეს არ გულისხმობს იმ ვექტორის ცვლილებას, რომელიც მთავრობამ აირჩია.
„ჩვენ ავირჩიეთ მიმართულება, რომელსაც არ გადავუხვევთ. ამ მიმართულების შიგნით შეიძლება მოხდეს კორექტირება რაღაც განსაზღვრული ციფრების. შეიძლება მოხდეს კოეფიციენტის კორექტირება, სხვადასხვა ელემენტების კორექტირება მიმართულების შიგნით, მაგრამ ვექტორები და მიმართულებები არ შეიცვლება. ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ვაკვირდებით და ამის შედეგად შეიძლება მოხდეს კორექტირება ან არ მოხდეს. როცა შეგროვდება სტატისტიკური ინფორმაცია, მერე მივხვდებით, რისი კორექტირება გვინდა. შეიძლება სულაც ისე მოხდეს, რომ არაფერიც არ დაგვჭირდეს. ჩვენ როცა ვიღებდით ამ რეგულაციებს, ზუსტად იმიტომ იყო ეს რეგულაციები მიღებული, რომ ვიღაც განსაზღვრულ პიროვნებებს ეს სესხი ვერ აეღოთ, ვისაც არ ჰქონდა ამის გასტუმრების საშუალება. სრულად ამ რეგულაციების გაუქმება აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენ არჩეულ ვექტორებს არ გადავუხვევთ. ეს რეგულაციები არის იმისთვის განსაზღვრული, რომ დავიცვათ მოსახლეობა და განსაკუთრებით, მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი შრეები იმისგან, რომ არ აიღონ უაზრო კრედიტები“,- განაცხადა ქობულიამ.