„ქალაქგარეთ უფრო მოთხოვნადია პატარა სახლები პატარა ეზოთი“ -  რა ღირს უძრავი ქონება თბილისის შემოგარენში

თბილისის შემოგარენში დაბებსა და სოფლებში უძრავი ქონების შეძენა სტაბილურად მოთხოვნადია.

მოსახლეობა ქალაქგარეთ აგარაკების შეძენას ჯანსაღი გარემოსა და დედაქალაქთან სიახლოვის გამო ირჩევს. როგორც თავად რეალტორები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, უძრავი ქონების შეძენისას ყველაზე პოპულარული ადგილებია - წყნეთი, წავკისი და საგურამო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს კერძო სახლები ქალაქგარეთ და როგორ ბინებზეა მოთხოვნა.

როგორც პორტალ SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ვგებულობთ, თბილისის შემოგარენში აგარაკის ფასი ყველაზე ძვირი საგურამოშია, სადაც კერძო სახლის ფასი საშუალოდ 400 ათასი დოლარი ღირს. თუმცა არის სახლები, რომლებიც 140 ათასი ღირს და არის ისეთებიც, რომლებიც 840 ათასი დოლარია.

წავკისში აგარაკის საშუალო ფასი 300 ათასი დოლარია. თუმცა ზოგადად ფასები 40 ათასი დოლარიდან იწყება და 800 ათასამდეც კი ადის.

წყნეთში, რომელიც ასევე დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს, სახლის საშუალო ფასი 225 ათასი დოლარია. რაც შეხება სახლების მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს, წყნეთში ის 22 ათასიდან იწყება და 680 ათას დოლარამდე ადის.

მცხეთაში აგარაკის ფასი 150-450 ათას დოლარს შორის მერყეობს, საშუალო ფასი კი 250 ათასი დოლარია. რაც შეეხება კოჯორს, საშუალო ფასი 70 ათასი დოლარია. ამ შემთხვევაში მინიმალური ფასი 25 ათასი დოლარი, ხოლო მაქსიმალური 325 დოლარია. მანგლისში უძრავი ქონება საშუალოდ 50 ათასი დოლარი ღირს.

რაც შეეხება თიანეთს, სახლის საშუალო ფასი 20 ათასი დოლარია, თუმცა არის სახლები, რომლებიც 10 ათასი დოლარიც ღირს და 45 ათასი დოლარიც.

როგორც სპეციალისტების აცხადებენ, თბილისის შემოგარენში როგორც წესი, ძველი აშენებული, დიდი სახლები იყიდება. ამ ეტაპზე კი უფრო მეტად მოთხოვნა პატარა სახლებზეა. ამიტომ ქალაქგარეთ ცხოვრების მსურველები ცდილობენ, რომ მიწა იყიდონ და სახლი თავად ააშენონ.

SS.ge-ს მონაცემებით კი მიწის ყველაზე მაღალი ფასი წყნეთშია, სადაც კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 165 დოლარია; მცხეთაში - 100 დოლარი; კოჯორში - 60 დოლარი; წავკისში - 50 დოლარი; საგურამოში - 33 დოლარია, მანგლისში - 16 დოლარი; თიანეთში - 7 დოლარი.

როგორც „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ მმართველი საბჭოს წევრი დ უძრავი ქონების კომპანია „ნოუბლ რიალ ისთეითის“ დირექტორი ვაჟა მებაღიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, უძრავი ქონების ბაზარზე მიწისა და აგარაკების ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს.

„დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობას სურს, რომ უფრო სუფთა გარემოში იცხოვროს. მოთხოვნის მიხედვით, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა წყნეთი, ამას მოჰყვება წავკისი, საგურამო და ის დაბები, რომელიც დედაქალთან ახლოს მდებარეობს.

როგორც წესი, უფრო მოთხოვნადია პატარა სახლი პატარა ეზოთი. საქართველოში კი უფრო ხშირად დიდი სახლებია, რომლებიც 90-იან წლებში ან 2000-იანი წლების დასაწყისშია აშენებული. ასეთი სახლები კი დღევანდელ სტანდარტს ნაკლებად შეესაბამება. ხალხი მიხვდა, რომ პატარა სახლები უფრო პრაქტიკულია. ესაა ამერიკული და ევროპული ტიპის სახლები. როგორც კი საიტზე პატარა სახლი დაიდება გასაყიდად, კონკურენცია ძალიან მაღალია.

სწორედ იმის გამო დიდი სახლის მყიდველი ნაკლებია, ამიტომაც შემდეგ უკვე უპირატესობას მიწის ყიდვას ანიჭებენ და შემდეგ სახლს საკუთარი გემოვნებით აშენებენ, ისეთს როგორიც მათთვის იქნება ხელსაყრელი.

ამ კუთხით ფასები არც მიწებზე შეცვლილა, ესეც შარშანდელთან შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქგარეთ სახლები სტაბილურად მოთხოვნადია, მაგრამ იმ არსებულ სახლებთან შედარებით რაც გვაქვს და რაც სურს მომხმარებელს, აცდენაა“ - განაცხადა მებაღიშვილმა.

ლიკა ამირაშვილი