რეგულაციამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საყრდენი გამოაცალა.
სწრაფი სესხების კომპანიები საფინანსო ბაზარს ტოვებენ და ეს ტენდენცია საკმაოდ სწრაფი ტემპით გრძელდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამჯერად ფინანსური კრიზისის წინაშე შპს „ჯაბა კრედიტი" დგას. კომპანია, რომელსაც 500-მდე მეანაბრე ჰყავს, ვალდებულებებს ვერ ასრულებს. უკვე ერთი კვირაა, რაც „ჯაბა კრედიტი" მეანაბრეებს ვერც ჩადებული თანხის პროცენტს და ვერც სრულ თანხას ვერ უბრუნებს.
მიკროსაფინანსოებს სესხების გაცემა მაქსიმალურად შეეზღუდათ და ისინი საქმიანობას პრაქტიკულად, ვეღარ ახერხებენ. დიდია რისკი, რომ მეანაბრეებს თანხის დაბრუნების დროს შეექმნათ პრობლემა. „ჯაბა კრედიტის" შემთხვევა კი საერთოდ კაზუსია, რადგან კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არასრულწლოვანია.
„დროებით არის შეჩერებული სარგებლის (პროცენტის) გაცემა. ერთი კვირაა, რაც ეს შეფერხებაა. ყველას ერთდროულად სურს ჩვენთან ჩადებული სრული თანხის უკან გატანა. ამ ეტაპზე კომპანია თანხის მობილიზაციას ახდენს. სავარაუდოდ, შევთანხმდებით გრაფიკზე და ჩადებული თანხის გატანა სწორედ გრაფიკით გაიწერება", - უთხრეს „პრაიმტაიმს" „ჯაბა კრედიტის" „ქოლ ცენტრში".
კომპანიაში განმარტავენ, რომ ფინანსური პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც ეროვნული ბანკის რეგულაცია ამოქმედდა და „ჯაბა კრედიტის" შემოსავალი მკვეთრად შემცირდა.
სპეციალისტების შეფასებით, ტენდენცია გაგრძელდება და საბოლოოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ოდენობა მინიმუმამდე დავა. საუბარია იმაზეც, რომ ონლაინ და სწრაფი სესხის კომპანიების ჩამოშორება საფინანსო ბაზარს წაადგება კიდეც, რადგან სწორედ ამ ტიპის ორგანიზაციებმა გამოიწვიეს ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა.
ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ფიქრობს, რომ მიკროსაფიანსოების დახურვა გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგის მომტანი იქნება.
„ბაზარზე იყო სრული თავისუფლება და იმავდროულად ქაოსი, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობამ გამოიწვია. გაჩნდა სესხებზე ერთგვარად დამახინჯებული მოთხოვნა. სესხის ოფიციალურ სტანდარტს მისო-ები არ აკმაყოფილებდნენ. დავინახეთ, რომ ასეთი ტიპის ფინანსური პოდუქტი იყო მაღალრისკიანი, რამაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ქვეყნის ეკონომიკას და ჭარბვალიანობა გამოიწვია.
რაც შეეხება მიმდინარე სიტუაციას, სესხებს გასცემენ შემოსავლის გარეშე, მაგრამ მყარი გირაოთი, ფაქტობრივად, ლომბარდების პრინციპით საქმიანობენ. ეროვნულმა ბანკმა ამ კუთხით მიიღო კარგი რეგულაცია და შეუმცირა იმ ადამიანების მომსახურება, რომლებიც სესხზე იყვნენ ჩამოკიდებულნი. შემოსავლის გარეშე სესხის აღება პრობლემის გამწვავებაა და სხვა არაფერი.
შესაბამისად, „ჯაბა კრედიტი" ან სხვა ტიპის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ დაიხურება, პრობლემას მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში შექმნის, მაგრამ ხალხი სესხების გარეშე ცხოვრებას მიეჩვევა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მათი გაუქმება შედეგის მომტანიც იქნება. აქედან გამომდინარე, პრობლემას ვერ ვხედავ. ბაზარზე არის ეკონომიკურად სწორი მოცემულობა, ონლაინკომპანიები კი ამ პროცესს ვერ აუღებენ ალღოს და სახსრები შემოაკლდებათ, რაც საზოგადოებას პრობლემას არ შეუქმნის", - განაცხადა „რეზონანსთან" კუკულაძემ.
სპეციალისტების შეფასებით, ტენდენცია გაგრძელდება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ოდენობა მინიმუმამდე დავა. საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ბაზარზე საბოლოოდ მისო-ების ნაწილი დარჩება, რომელიც წარსულში და ახლაც გადახდისუნარიან სეგმენტს უწევს მომსახურებას.
„მიკროსაფინანსოები საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით მუშაობენ, რაც მათი ბაზრისთვის დამახასიათებელია. ბოლო დროს მიღებულმა რეგულაციამ კი, ცხადია, მათ საქმიანობაზე გავლენა მოახდინა. შესაბამისად, მათი ბრუნვა და გაცემული სესხები მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ბევრისთვის ეს პროცესი გაკოტრებით დასრულდა, როგორც "ჯაბა კრედიტის" შემთხვევაში ხდება. ის ნაწილი კი, რომელსაც გადახდისუნარიანი სეგმენტი აქვს აღებული, საქმიანობას ჩვეულებრივ გააგრძელებს, ასეთი კი მიკროსაფინანსო ბაზარზე სულ რამდენიმეა", - ამბობს „რეზონანსთან" თოქმაზიშვილი.
იგი არ გამორიცხავს, რომ სესხის მიმღებთათვის საფინანსო ბაზარი იურიდიული პირების საშუალებით კიდევ უფრო გაფართოვდეს.
„ბუნებრივია, რომ რეგულაცია სესხების შემცირებაზე გავლენას ახდენს. ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელიც სამომხმარებლო სესხს იღებდა, შეზღუდვის გამო დღეს ფულად რესურსს მარტივად ვერ იღებს. საბოლოო ჯამში, საფინანსო ბაზარი კიდევ უფრო გაფართოვდება მათთვის, ვისაც შეუძლია სესხის აღება, ანუ დიფერენცირება მოხდება. შეიძლება ეს პროცესი დაიწყო კიდეც.
სესხები არ არის სიღარიბისგან თავდაცვის საშუალება. ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი რეგულაციაა. სავარაუდოდ, სამომხმარებლო სესხების შემცირების პარალელურად, სესხის დიდი ნაწილი იურიდიული პირების დაკრედიტებას მოხმარდება. საბოლოოდ სესხები მიიღებს იმ მიმართულებას, რითაც შემდეგში ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს", - აცხადებს თოქმაზიშვილი.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"