„საქსტატის“ ინფორმაციით, თებერვალში 4357 ახალი საწარმო დარეგისტრირდა

თებერვალში 2.5%-ით გაიზარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და 4357 შეადგინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

მისივე თქმით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 5.5 მლრდ ლარით განისაზღვრა.

„საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა საგარეო ვაჭრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა.

"აღსანიშნავია, რომ თებერვალში 2.5%-ით გაიზარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და 4357 შეადგინა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 5.5 მლრდ ლარით განისაზღვრა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.