2020 წელი მსოფლიოში სოფლის ტურიზმის ხელშეწყობის წლად გამოცხადდა

სეგოვიაში 26 მარტს ტურიზმის მსოფლიო ფორუმი გაიხსნა, რომელსაც ესპანეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გახსნეს.

ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, ტურიზმი ის საკვანძო სექტორი იქნება, რომელიც მიგრაციის მასშტაბს შეამცირებს.

„მოხარული ვარ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გავხსნა ესოდენ მნიშვნელოვანი ფორუმი. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა 2050 წლამდე სოფლის მდგრადი განვითარებისათვის. სწორედ ტურიზმი იქნება საკვანძო სექტორი, რომელიც სოფლიდან ქალაქებში, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებიდან, მიგრაციის მასშტაბს შეამცირებს. ყოველივე ეს პირდაპირ გავლენას იქონიებს სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებაზე. ტურიზმის მდგრადი განვითარება ხელს შეუწყობს სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას. 2020 წელს ჩვენ მსოფლიოში სოფლის ტურიზმის ხელშეწყობის წლად ვაცხადებთ“, - განაცხადა თავის მიმართვაში ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის მოხარულია, რადგან ზურაბ პოლოლიკაშვილმა ინიციატივა სეგოვიაში გააჟღერა.

„მოხარული ვარ, რომ სწორედ ესპანეთი მასპინძლობს ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმს, ორმაგად სასიხარულოა, რომ ბატონმა ზურაბმა ეს გლობალური ინიციატივა სეგოვიაში გააჟღერა. ესპანეთის მთავრობა კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ ინიციატივის განხორციელების მიმართულებით“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.