"სათამაშო ბიზნესიდან გასვლა დიდი ხნის წინ, ჩვენი სტრატეგიის ნაწილი იყო, რომ ამ მიმართულებით ნელ-ნელა ბაზრიდან გავსულიყავით. ბაზარს დავტოვებთ აუცილებლად", - ამის შესახებ bm.ge-ს "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.
როგორც ჩეხერია განმარტავს, უმსხვილესი, ქართული ჰორეკას სექტორში შემავალი კომპანია "აჭარა ჯგუფი" სამომავლოდ მხოლოდ სასტუმრო და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განვითარებას განაგრძობს.
დღეს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ "აჭარა ჯგუფმა" სასტუმრო "სტამბაში" შემავალი კაზინო "ავიატორი" დახურა.
კაზინო "ავიატორის" დახურვას კომპანიაში კონცეფციიდან გამომდინარე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებით ხსნიან და განმარტავენ, რომ კაზინოში კომერციული მიმართულებით პრობლემები არ ყოფილა.
რისი განთავსება იგეგმება სამომავლოდ კაზინოს ადგილზე, ამ ეტაპზე "აჭარა ჯგუფი" კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ "აჭარა ჯგუფის" მფლობელმა მიმდინარე წლის 1 თებერვალს "აჭარაბეთში" ონლაინ თამაშების მიმართულებით მისი კუთვილი წილი 51% 116 მლნ ევროდ გაასხვისა, რომლის მფლობელიც, სათამაშო ბიზნესში მსოფლიოში ცნობილი ირლანდიური კომპანია – Paddy Power Betfair ჯგუფი გახდა.
ცნობისთვის, კოსტავას გამზირზე, 14 ნომერში, გასული წლის გაზაფხულში სასტუმრო "სტამბა" გაიხსნა. კაზინო "ავიატორი" სწორედ ამ სასტუმროს კონცეფციაში შემავალი ქართული ბრენდი იყო.
წყარო: bm.ge