ქობულეთში 32-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო - რატომ ვერ აღწევს  „კრისტალ ბილდინი“  მართვაში შესვლის მსურველ ბრენდებთან შეთანხმებას

ქობულეთში, ყველაზე მაღალი სასტუმროს მშენებლობა „კრისტალ ბილდინგმა“ უკვე დაიწყო, თუმცა მართვაში რომელი ბრენდი შევა, უცნობია. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვანო ლომიძე „ბიზნესპრესნიუსთნ“ საუბრისას აცხადებს, კომპლექსის მართვაში შესვლის მსურველ ოპერატორებთან შეთანხმება მაღალი ფასების გამო ვერ ხდება. შესაბამისად, ახალი კომპანიის მოძიების პროცესი ისევ გრძელდება.

სასტუმროს მართვაში შესვლასთან დაკავშირებით, „კრისტალ ბილდინგი“ მოლაპარაკლებებს თავდაპირველად „რედისონთან“ და „ჰილტონთან“ აწარმოებდა, რომელთა შორის არჩევანი „რედისონზე“ გაკეთდა. მოგვიანებით, ვანო ლომიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, რომ პირველად საქართველოში, სასტუმროს მართვაში, ისევე როგორც კაზინოში, „ლას ვეგასი“ შევიდოდა. თუმცა, მალევე გადაწყვეტილება ისევ შეიცვალა და არჩევანი ფრანგულ კომპანია „აკორ ჯგუფზე“ გაკეთდა, რომელიც საქართველოში პირველად, „სოფიტელის“ ბრენდს შემოიყვანდა.

ამ ეტაპზე, როგორც ვანო ლომიძე აცხადებს, აღნიშნულ ბრენდთან შეთანხმება მაღალი ფასის გამო ვერ მოხდა, ამიტომ ახალი ოპერატორის ძიება ისევ გრძელდება.

საუბარია ქობულეთში, 116,80 მეტრი სიმაღლის, 32-სართულიან, 5-ვარსკვლავიან სასტუმროზე, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე განთავსდება და ის ქობულეთში ყველაზე მასშტაბური იქნება. როგორც ვანო ლომიძე აცხადებს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონი ლარია.

რაც შეეხება ფართობს, სასტუმრო 40 000 კვ.მ-ზე განთავსდება და ის 220-ნომრიანი იქნება.

„უკვე ერთ თვეზე მეტია სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. თუმცა, ვინ შევა სასტუმროს მართვაში, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის. სამწუხაროდ, ვერცერთ ოპერატორთან ვერ დავლაგდით. მაღალი ფასები უნდათ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენი სურვილია, რომ სასტუმროს მომსახურება ადგილობრივებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ, მოლაპარაკებები გრძელდება. ვხვდებით ყველას, ვისაც შეუძლია ვარსკვლავის შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება, მთავარია, ფასებზე შევთანხდეთ. თუ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომ ფასს შემოგვთავზებენ, სასტუმროს მართავში შევიყვანთ, თუ არა, უარს ვეუბნებით. ვნახოთ რა იქნება“,-აცხადებს ვანო ლომიძე.

რაც შეეხება კაზინოს, რომელიც სასტუმოში განთავსდება, „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, „ლას ვეგასი“ შევა.

როგორც ვანო ლომიძე აცხადებს, მცირედი ცვლილებებია შენობაში სასტუმროს განთავსებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ნაგებობა კვლავ 32 სართულიანი იქნება, თუმცა სასტუმროს ნომრები მხოლოდ 30 სართულზე იქნება, 2 სართული კი ტექნიკურ სამსახურს დაეთმობა.

ამასთან, კომპლექსში განთავსდება არანაკლებ 300 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, შეხვედრების ოთახები, ღია/დახურული აუზები და კაზინო. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ზონა. კომპლექსში განთავსდება ფრანგული კაბარე „ლიდოც“.

საერთო ჯამში, სასტუმროში 400 ადამიანი დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ „კრისტალ ბილგინგი“ ფინჭვნარში დამატებით პლაჟის ტერიტორიასაც ითხოვდა, თუმცა ვანო ლომიძის ინფორმაცით, ქობულეთის მერიისგან კომპანიამ უარი მიიღო.

რაც შეეხება მშენებლობის ვადებს, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 2021 წელს დასრულდება.

ცნობისთვის, აღნიშნული ტერიტორია მთავრობამ 2006 წელს გაასხვისა. 2016 წელს ქონების ნაწილი, მათ შორის სასტუმროს ზონაც, აჭარის მთავრობამ ახალი შეთანხმებით დაიბრუნა და შემდეგ „კრისტალ ბილდინგზე“ გაასხვისა.

ნინი ქეთელაური