საქართველოში პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება - უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, „თეძამის წყალსაცავის“ პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. დამსწრე აუდიტორიის წინაშე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიტყვით წარდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
„სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით განსაკუთრებული დღეა. კასპის მუნიციპალიტეტში ახალი წყალსაცავის მშენებლობას ვიწყებთ. საქართველოში ბოლო 50 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში საირიგაციო მნიშვნელობის წყალსაცავი არ აშენებულა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ მიზნად დაისახა და პრიორიტეტად გამოაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარება, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შექმნა კი სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. დავითაშვილმა ხაზი გაუსვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც უკავშირდება სარწყავი არხების რეაბილიტაციას და ამ პროექტებში სახელმწიფოს რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ინვესტიციას. უახლოესი 6 წლისთვის კი სამინისტროს აქვს ამბიციური გეგმა - ქვეყანაში დამატებითი, დაახლოებით, 100 000 ჰექტარი გასარწყავიანდება. მისი თქმით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნასთან, უფრო მნიშვნელოვან ინვესტიციებთან, რაც სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია.
„ჩვენ მოგვიწევს კონსტრუქციულად უფრო რთული პროექტების განხორციელება, მათ შორის, წყალსაცავების მშენებლობა. ამ კუთხით გამორჩეულია წყალსაცავი თეძამზე, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო განახორციელებს და რომელზეც ვმუშაობდით რამდენიმე წლის განმავლობაში. სამინისტრო პარალელურ რეჟიმში, მსოფლიო ბანკის ჩართულობით სწავლობს და უახლოეს ხანებში განახორციელებს ახაშენის, ილტოს წყალსაცავების მშენებლობას და შესაბამისი საირიგაციო არხების როგორც რეაბილიტაციას, ისე 0 ახალი საირიგაციო სისტემების შექმნას“, - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავითაშვილმა განაცხადა, რომ წყალუზრუნველყოფის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ლაპარაკი, მით უმეტეს აღმოსავლეთ საქართველოში, გაგვიჭირდება.
„ჩვენ აგვისტოსა და ივლისის პერიოდში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ყველაზე მეტად გვჭირდება წყალი. ამ პერიოდში წყალი მდინარეებში არ გვაქვს, მაგრამ უხვად გვაქვს გაზაფხულსა და შემოდგომაზე. შესაბამისად, თუ ამ წყალს სწორად ვმართავთ, თუ გვექნება შესაბამისი წყალსაცავები, წყალუზრუნველყოფილი გვექნება ყველაზე ნაყოფიერი მიწები. კასპის მუნიციპალიტეტების სოფლები გამორჩეული იყო მეხილეობით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პოლიტიკაზე, რომელიც უკავშირდება ინტენსიური მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოებას სოფლის მეურნეობის კუთხით. მისი თქმით, ხორციელდება ახალი ინტენსიური ბაღების გაშენების პროექტი. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქვეყანაში გაშენებულია დაახლოებით, 7 000 ჰექტარი ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღები, რაც საქართველოში წარმოებული ხილის პროდუქციის რაოდენობას, უახლოეს 3 ან 4 წელიწადში, გააორმაგებს და ეს ტენდენცია გრძელდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას, ვაგრძელებთ თანადაფინანსებას, მოსახლეობის მხარდაჭერას, რომ მათი საქმიანობა სოფლის მეურნეობაში იყოს კეთილდღეობის მომტანი“, - განაცხადა დავითაშვილმა.