სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გამოკვლევის ძირითადი შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში 739 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ერთეულების გარეშე) ფუნქციონირებდა. მათი 37,6 პროცენტი თბილისში, 31,3 პროცენტი - აჭარაში, 8,9 პროცენტი იმერეთში, 8,5 პროცენტი ქვემო ქართლში, 3,9 პროცენტი კახეთში, 3,2 პროცენტი სამეგრელო ზემო სვანეთში, ხოლო 3,7 პროცენტი დანარჩენ რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის ცნობით, 2018 წელს სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა (კონვერტირებული ლარში) 38,2 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 37,4 პროცენტი აშშ დოლარზე, 9,7 პროცენტი ევროზე, ხოლო 52,9 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის. ბანკებში არსებული ფულადი სახსრების მთლიანი მოცულობა (1,9 მლნ.) სრულიად ნაწილდება მხოლოდ რეზიდენტ ბანკებზე.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მთლიანმა ბრუნვამ (ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული დარიცხული შემოსავალი, დღგ-სა და აქციზის გარეშე) 9,2 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 53,1 პროცენტი აშშ დოლარზე, 16,7 პროცენტი ევროზე, ხოლო 30,2 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის.