2019 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, შინამეურნეობებზე ეროვნული ვალუტით 7,956 მლრდ ლარის სესხია გაცემული. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტით საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი 3,260 მლრდ ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხია გაცემული. მას მოსდევს მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხები - 1,800 მლრდ ლარით; ხოლო მე-3 ადგილზე 1,481 მლრდ ლარით უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის გაცემული სესხებია.
რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს, 1-ლი მარტის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სესხი 4,531 მლრდ ლარი უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის არის გაცემული, მე-2 ადგილზეა - მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხი - 936,2 მლნ ლარით, მე-3 ადგილს კი 567,8 მლნ ლარის მოცულობით სამომხმარებლო სესხი იკავებს.
ცნობისთვის, ჯამში, 1-ლი მარტის მდგომარეობით, უცხოური ვალუტით 6,559 მლრდ ლარის სესხი იყო გაცემული.