„არანაკლებ მკაცრი უნდა იყოს სასჯელი იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც ნასვამობა უფიქსირდებათ"

არანაკლებ მკაცრი უნდა იყოს სასჯელი იმ მძღოლებისთვის, რომლებთაც ნასვამობა უფიქსირდებათ, - ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის '' გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვის, მაგრამ კანონი უნდა გამკაცრდეს ასევე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლებისთვისაც.

„საჭესთან მხოლოდ ფხიზლად! - ეს არის მთავარი გზავნილი კანონის, რომელიც დღეს შედის ძალაში და გულისხმობს, რომ ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების ქვეშ საჭესთან არ უნდა დაჯდეს მძღოლი და უნდა გავითავისოთ, რომ საჭესთან მხოლოდ ფხიზელი გონებით უნდა დავსხდეთ, რადგან მოქმედებები, რომლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნაც ხელს უშლის ადამიანის კონცენტრაციისა და კოორდინაციის უნარს, ასევე ანელებდეს რეაგირებას, მითუმეტეს, მანქანის მართვისას.

ამ კანონის პარალელურად, ჩვენ ვსაუბრობთ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების მდგომარეობაზე, თუ რამდენად ადეკვატური არის სასჯელი ამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების. დღევანდელი მიდგომით, ჩვენ ვეუბნებით მძღოლებს: ,,მერე რა თუ ნასვამი ხარ, შენ არ ხარ საშიში საზოგადოებისთვის, მაგრამ მეორე ნაწილი, რომელიც არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ, ის უფრო საშიშია“. ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა რისი თრობის ქვეშ ხარ. ალკოჰოლური თრობის დროსაც უნარები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, შენელებული და შესუსტებულია, აქედან გამომდინარე, არანაკლებ მკაცრი უნდა იყოს სასჯელი იმ მძღოლებისათვის, რომლებთაც ნასვამობა უფიქსირდებათ. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შსს-ში, ამასთან დაკავშირები და გვაქვს მოლოდინი, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის სანქციები კიდევ უფრო გამკაცრებული იქნება“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.