„პარლამენტს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი ინიციატივა, სავარაუდოდ, სექტემბერში წარედგინება"

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სავარაუდოდ, სექტემბერში, პარლამენტს წარედგინება შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი ინიციატივა, რომელიც დასაქმებულების სამართლებრივი უფლებების დაცვასაც ითვალისწინებს.

„ამაზე დისკუსია დიდი ხანია მიდის და სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი, რომელსაც დიმიტრი ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს. ასევე მონაწილეობას იღებენ შრომის საერთაშორისო დონის ექსპერტები და სავარაუდოდ, სექტემბერში უკვე უნდა წარადგინონ ინიციატივა, თუ როგორ აისახება შრომის ინსპექციის, მათ შორის შრომის უფლებების მონიტორინგი და პრევენცია ამ კუთხით.

რა თქმა უნდა, სამართლებრივ საკითხებზეც იყო საუბარი, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამ მიმართულებით განსაზღვრა, მაგრამ მე ვერ დავეთანხმები შეფასებაში, რომ სიკვდილიანობის უმეტესობა დაკავშირებულია შრომის უფლებების დარღვევასთან. პირველ ყოვლისა, ეს იყო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ ძალიან მცირე დროში, ფორსირებულად, ძალიან მნიშნელოვან კანონებს ვიღებთ. იცით, რომ შარშან მივიღეთ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც მავნე, საშიშ სამუშაო პირობებს ეხებოდა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შრომის ინსპექციას უკვე დიდი ფუნქციები აქვს, რომელსაც შესაბამისი ინსტიტუციონალური გაძლიერება და უზრუნველყოფა სჭირდება.

„დაახლოებით თვენახევრის წინ მივიღეთ ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ. ძალიან დიდი ფუქციები უკვე აქვს შრომის ინსპექციას, რომელსაც შესაბამისი ინსტიტუციონალური გაძლიერება და უზრუნველყოფა სჭირდება. ეს არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა და არა ის, რომ საკანონმდებლო დონეზე რაიმე აკლია. ჩემი აზრით, საქართველოს პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი კანონმდებლობა მიიღო ამ კუთხით. ახლა მთავარია ამ კანონის აღსრულება მოხდეს ადეკვატურად და შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალური შესაძლებლობები, რაოდენობა ინსპექტორების, მათ კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რაც არის დაყენებული ამ კანონმდებლობის მიხედვით“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირების გაერთიანებაში განუცხადეს, 2019 წლის მონაცემებით, სამუშაო ადგილზე 9 ადამიანი გარდაიცვალა და 4 მძიმედ დაშავდა.