„ხიმიჯ ცენტი 2“- ის ადვოკატი ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარზე - რა ინფორმაციაც მაქვს, დაცული იყო უსაფრთხოება, თუმცა სად იყო შავი ხვრელები, ამას ექსპერტიზა გამოკვეთს

შემსრულებელი კომპანია პირდაპირ არის პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რაც დადგა, - ამის შესახებ „ხიმიჯ ცენტი 2“- ის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა. როგორც ცნობილია, „ხიმიჯ ცენტრი 2“ არის ჭავჭავაძის 5 ნომერში მიმდინარე მშენებლობის განმხორციელებელი „ტრანსმშენის" ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც პასუხისმგებელი იყო უშუალოდ დასაქმებულების უსაფრთხოებაზე.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის, თუ რა სახის დარღვევაზე შეიძლება იყოს საუბარი.

„სამწუხაროდ, დადგა ეს შედეგი. საბოლოო დასკვნა რაც დაიდება, დავეყრდნობით იმ დასკვნას და ამის მიხედვით გავაკეთებთ განცხადებას.

ყველანაირი უსაფრთხოების ნორმის დაცულობა თუ არდაცულობა გამოიკვეთება ისევ ექსპერტიზის დასკვნით, თუმცა მე რა ინფორმაციაც მაქვს, მათ ხელთ არსებული საბუთების და კონსტრუქციული ნახაზის მიხედვით შეძლებისდაგვარად იყო დაცული უსაფრთხოება, თუმცა სად იყო ეს შავი ხვრელები, ამას გამოკვეთავს ექსპერტიზის დასკვნა“, -განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, კომპანია აპირებს თანამშრომლობას შესაბამის უწყებებთან, იმიტომ, რომ ეს არ არის სახუმარო სიტუაცია, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა აღნიშნულ ფაქტს.

„გამომდინარე აქედან, კომპანია მზად არის ნებისმიერ თანამშრომლობაზე, ეს იქნება სამართალდამცავი ორგანოები თუ სხვა ადმინისტრაციული ორგანოები. შემკვეთს ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა, ეს უკვე ცოტა სადაო თემაა, მე ვთვლი, რომ რაღაც პასუხისმგებლობის ხაზი მაინც გადის, მაგრამ ამ შემთხვევაში მე გამიჭირდება საუბარი დამკვეთთან მიმართებაში. კომპანიის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს ამ წუთებშიც, საბოლოოდ უკვე შევხედავთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ასევე ექსპერტიზა და ა.შ.

შრომის უსაფრთხოების დაცვის კულტურა დამკვიდრებული არ არის, ეს არის ერთი დიდი პრობლემა, შესაბამისად, რომ დავიცვა რაღაც, ამის შესაბამისი დოკუმენტი უნდა არსებობდეს. მე ვგულისხმობ კერძო შეკვეთას. თუ ამის დოკუმენტი, უსაფრთხოების დაცვის და ნორმების არ არსებობს შესაბამის კონსტრუქციასთან მიმართებაში, მე გამიჭირდება ბოლომდე იმის დაცვა. ეს ეხება როგორც გეოლოგიურ დასკვნას და ა.შ. ეს არის კომპლექსური პრობლემა, თუმცა მიმაჩნია, რომ შეიძლება რაღაც დარღვევებთან ჩვენ გვქონდეს საქმე. შეიძლება დამკვეთი კომპანიის მხრიდან არ იყო მიწოდებული სათანადო დოკუმენტაცია, თუმცა შემსრულებელი პირდაპირ არის პასუხისმგებელი იმ შედეგზე რაც დადგა, ამას ვერ გავექცევით. დაცული ბოლომდე რომ ყოფილიყო, დამიჯერეთ არ მოხდებოდა ეს ამბავი. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც მე გამაჩნია, პირდაპირი პასუხისმგებლობა უსაფრთხოებასა და ადამიანური რესურსის დაცვაზე არის პირდაპირ „ხიმიჯ სერვისზე“, ამის უარყოფა იქნება არასწორი“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.