ყველა გოგონას ისე ვერ უმართლებს, რომ მისი ქორწილი ზღაპრული იყოს და შემდეგ, მისი ცხოვრებაც ისე გაგრძელდეს, როგორც ზღაპრებში ხდება. თუმცა, საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობენ. AMBEBI.GE იმ გოგონების შესახებ გიამბობთ, რომლებსაც ისე გაუმართლათ, როგორც ბავშვობაში წაკითხულ ზღაპრებში უმართლებთ პრინცესებს. ამ გოგონების ქორწინებამ თავის დროზე მთელი საქართველო აალაპარაკა. როგორ ცხოვრობენ დღეს ის გოგონები, რომლებიც მდიდარ ბიჭებზე გათხოვდნენ, ამას სტატიიდან შეიტყობთ.
ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილი
ნანუკა გუდავაძე საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი გოგონა, როცა მასზე ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა დაინიშნა. წყვილმა ქორწილი ნოემბერში გადაიხადა, ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. როგორც ჩანს, ბერა და ნანუკა ბედნიერ დღეებს იხანგრძლივებენ და სამოქალაქო ქორწინება სულ რაღაც ერთი თვის წინ გააფორმეს. ამჯერად კი საქორწინო მოგზაურობაში გამგზავრებას გეგმავენ. რომელ ქვეყანაში გაატარონ თაფლობის თვე, ამის შესარჩევად, დახმარება ბერამ "ინსტაგრამის" მიმდევრებს სთხოვა. საბოლოოდ რა გადაწყდა, არავინ იცის. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბერაზე დაქორწინების შემდეგ, ნანუკამ მოდელობაზე უარი თქვა და სამსახურიც დატოვა.
სოფო ლუხუტაშვილი და დათო კოპაძე
სოფო ლუხუტაშვილის და ბიზნესმენ დათო კოპაძის ორწლიანი ლავ-სთორი, გასულ წელს ქორწინებით დასრულდა. წყვილმა ისეთი ქორწილი გადაიხადა, რომელმაც მთელი ქვეყანა იმიტომ კი არ აალაპარაკა, რომ ცნობილი ოჯახის შვილებმა ან ცნობილმა ადამიანებმა იქორწინეს, არამედ იმით, რომ ღია ცის ქვეშ, მეფეთა სავანეში დაუვიწყარი წარმოდგენა-სანახაობა მოაწყვეს. სოფო 11 წლიდან პოდიუმზე დგას, დათო კოპაძე კი წარმატებული ბიზნესმენია. მოდელს სურდა ჟურნალისტი გამხდარიყო, მაგრამ დაქორწინების შემდეგ, მთელ დროს მხოლოდ ქმარს და ოჯახს უთმობს. ისინი ბევრს მოგზაურობენ და ძვირადღირებულ კურორტებსაც სტუმრობენ.
თოშა ქებურია და ქეთი ჟღენტი
თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტის დაქორწინებას, საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა. ახალგაზრდა წყვილმა გასული წლის ზაფხულში იქორწინა და საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. ქორწილის მეორე დღეს კი მათ ქალიშვილი მონათლეს. თოშა და ქეთი ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ, წყვილი ძირითადად საფრანგეთში ან საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ახლა მეორე შვილის მოლოდინში არიან. მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, თოშა ქებურიას გატაცების შესახებ, ის ბაიკერია. თუ წყვილის "ინსტაგრამით" ვიმსჯელებთ, ქმართან ერთად მოტოციკლით ხშირად მისი ახალგაზრდა მეუღლეც სეირნობს.