„ბარათის მფლობელები სათანადოდ იდენტიფიცირებული არიან“ - სებ-ის განმარტება სათამაშო ბიზნესის მიერ შექმნილ ბარათებზე

„აღნიშნული ბარათები არის არა სათამაშო ბიზნესის მიერ გამოშვებული ბარათები, არამედ ისინი გამოშვებულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ,“- ასე ეხმაურება ეროვნული ბანკი სათამაშო ბიზნესის მიერ საკუთარი პლასტიკური ბარათების გამოშვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მათივე ცნობით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ბარათის ყველა მფლობელი სათანადოდ იდენტიფიცირებულია მიუხედავად იმისა, ვიზუალურად დატანილია თუ არა მისი სახელი ბარათზე.

„საქართველოში საგადახდო ბარათების გამოშვების უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს და ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ბარათები არის არა სათამაშო ბიზნესის მიერ გამოშვებული ბარათები, არამედ ისინი გამოშვებულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ. ამ ბარათების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია სათამაშო ბიზნესიდან საკუთარი ფულადი სახსრები გადაიტანოს პროვაიდერთან არსებულ ბარათზე და შემდეგ განახორციელოს სხვადასხვა ოპერაცია. არსებული კანონმდებლობის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს მომხმარებელთა იდენტიფიცირების კუთხით იგივე ვალდებულება აქვთ დადგენილი, რაც კომერციულ ბანკებს.

შესაბამისად, როგორც ბანკის, ისე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ბარათის ყველა მფლობელი სათანადოდ იდენტიფიცირებულია მიუხედავად იმისა, ვიზუალურად დატანილია თუ არა მისი სახელი ბარათზე. ასევე აღსანიშნავია, რომ პროვაიდერის მიერ გამოშვებული ბარათით განხორციელებული ოპერაციები აღირიცხება პროვაიდერის ელექტრონულ სისტემაში და ჩანს შესაბამის ამონაწერში, ისევე როგორც საბანკო ბარათით განხორციელებული ოპერაციები აღირიცხება ბანკის სისტემაში და ჩანს შესაბამის ამონაწერში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საგადახდო მომსახურები პროვაიდერების მიერ გამოშვებული ბარათები არ არის საკრედიტო ბარათები. შესაბამისად, მათი ფლობა მომხმარებელს ვალის ტვირთს ვერ გაუზრდის. ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის კუთხით სებ-ის რეგულაციები და პროცედურები შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან,“-აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „საზოგადოება და ბანკებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ქართულმა სათამაშო ბიზნესმა საკუთარი პლასტიკური ბარათები შექმნა, სადაც თანხის ბრუნვა დაფარულია და არ ჩანს საბანკო ამონაწერებში“.