პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის ახალი ეტაპი დღეიდან დაიწყო

სოციალური მომსახურების სააგენტომ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო.

პროგრამაში ჩართვის მსურველების რეგისტრაცია 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლის პროცესი კი 15 აპრილს დაიწყება.

უფასო პროგრამით სარგებლობის უფლება 16 წლის ასაკს გადაცილებულ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ.

პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მომზადება-გადამზადების კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება.

მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 31, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 34 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა.

პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის აუცილებელ პირობას შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა − www.worknet.gov.ge -ზე რეგისტრაცია წარმოადგენს. სამუშაოს მაძიებელმა, დადგენილ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს და რეგისტრაცია გაიაროს.

სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროგრამით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შერჩევისას, სააგენტო წინასწარი კონსულტაციების საშუალებით (მოტივაციის, პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, სამუშაო გამოცდილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით), დახმარებას გაუწევს სამუშაოს მაძიებლებს პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1505.