სეზონურ სამუშაოზე სხვა ქვეყანაში წასვლის შემთხვევაში პირებს დახმარება შესაძლოა, აღარ მოეხსნათ

სეზონურ სამუშაოზე სხვა ქვეყანაში წასვლის შემთხვევაში პირებს დახმარება შესაძლოა, აღარ მოეხსნათ. ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია შესული. პროექტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის წევრი ადა მარშანიაა.

კერძოდ, საუბარია, დევნილ მოსახლეობაზე, რომელთაც სეზონურ სამუშაოზე წასვლის შემთხვევაში კანონით დათქმული 2 თვიანი ვადის დარღვევის გამო დევნილის დახმარება უწყდებათ.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, აღნიშნული ცვლილება, დაახლოებით 10 000- მდე პირს შეეხება.

„ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლეობაც, სეზონურ სამუშაოებზე მიდიან მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებში, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებთან არსებობს უვიზო რეჟიმი, რომლის ხანგრძლივობა 3 თვეს არ აღემატება. აღნიშნულიდან გამომდინარე დევნილი პირების მიმართ კანონით დათქმული 2 თვიანი ვადის დარღვევის გამო დევნილის დახმარების შეწყვეტის შემთხვევები ხშირია.

ცვლილება კი დევნილის მიერ ქვეყნის ორი თვით დატოვების გამო დახმარების შეჩერების ვადის გაზრდას გულისხმობს. წარმოდგენილი ცვლილებებით ეს ვადა ორიდან 3 თვემდე იზრდება.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ასევე მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების გარკვეულწილად დაზოგვა, რაც დაკავშირებული იქნება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ შემწეობის შეწყვეტისა და აღდგენის საკითხების განხილვის სიხშირის შემცირებასთან.

მოქმედი კანონმდებლობით, დევნილთათვის შემწეობა პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე აღდგება და დევნილის შემწეობის გაცემა შესაბამისი გარემოებების დადგომის შემდეგ ერთი თვის ვადაში განახლდება,“-აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამასთან, როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც ორ თვეზე მეტი ვადით და არაუმეტეს სამი თვისა, ქვეყნიდან გასვლის გამო დევნილთა დახმარება უწყდება, დაახლოებით 10 000 - მდეა. ცნობისთვის, ერთი დევნილის ყოველთვიური დახმარება 45 ლარს შეადგენს.

თაია არდოტელი