ჯარიმა/საურავებისგან  შესაძლოა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებიც გათავისუფლდნენ

ჯარიმა/საურავებისგან შესაძლოა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებიც გათავისუფლდნენ.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი გააცნო. კანონპროექტის თანახმად, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელებისგან ერთჯერადად თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კერძოდ კი ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია;
  • ასაკით პენსიონერი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი-დევნილი.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა აღნიშნულ ჩამონათვალს მრავალშვილიანი ოჯახის წევრებიც დაემატოს. მისივე თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დეპუტატები კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე გაეცნობიან.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს სახდელთან ერთად მასზე დარიცხული საურავიც ჩამოეწერებათ. მთლიანობაში საუბარია მოქალაქეების 22 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე.

თაია არდოტელი