არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტყვიის შემცველობაზე, თბილისის სხვადასხვა უბანში, 17 ოჯახიდან აღებული 268 ყოველდღიური მოხმარების ნივთის სინჯების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე, იანვარ-მარტის თვეებში, კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა როგორც სამშენებლო მასალებში, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათში.
როგორც მკვლევარმა და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა გურანდა არქოფაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სუნელებში, კერძოდ კი ყვითელ ყვავილში აღმოჩნდა.
ამასთან, მისივე თქმით, გამოკვლეული ოჯახების 77%-ს ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში ასევე მაღალი იყო ტყვიის კონცენტრაცია.
"ეს იყო ფართო სპექტრის სინჯი და უამრავი რამ შედიოდა მასში. როგორც სამშენებლო მასალა, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები, ქიმიური საყოფაცხოვრებო საშუალებები, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, საოჯახო ნივთები, როგორიცაა კერამიკური ნაკეთობები თუ საძინებლის ატრიბუტები და ასევე სურსათი. ეს პროდუქტები იყო მრავალფეროვანი. შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ უამრავ სინჯში აღმოჩნდა დამაბინძურებელი ტყვია. ამასთან, ტყვიის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩეოდა სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ. საკვები პროდუქტებიდან აღმოჩნდა სუნელებში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში გამკაცრდა რეგულაციები სუნელებთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც მივაგენით ყვითელ ყვავილში ტყვიის მაღალ კონცენტრაციას.
ასევე იყო სხვადასხვა სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობა და იყო ბულიონის კუბებში. მათი შემცველობა 3,3-ჯერ აჭარბებდა დასაშვებ კონცენტრაციას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფაქტია. ამასთან, ჩვენს მიერ გამოკვლეული ოჯახების 77%-ს ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში საკმაოდ მაღალი იყო ტყვიის კონცენტრაცია", - აღნიშნა გურანდა არქოფაშვილმა.