თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ქართველ მეწარმეებს განვითარების ახალი შესაძლებლობები გაუჩინა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არველაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას, რომელიც 1-2 აპრილს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში, საქართველო - ჩინეთის და ასევე, საქართველო - ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნების თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით გამართულ ფაქტობრივ პრეზენტაციებს დაესწრო.
ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას, გენადი არველაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს და საქართველო - ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით განსაზღვრული დებულებების შედეგად. არველაძის განცხადებით, ორივე შეთანხმება სრულად პასუხობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს და ხელს უწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ქართველ მეწარმეებს გაუხსნა გზა ახალი ბაზრებისკენ, სადაც მთელი რიგი პრეფერენციებით შეუძლიათ საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტი, ამავე დროს, ეს არის მათთვის დიდი გამოწვევაც, რადგან მათი პროდუქცია უნდა პასუხობდეს გარკვეული სახის სტანდარტების დაცვას. ამავე დროს, მათი დაცვის შემთხვევაში მოგებული დარჩება არა მხოლოდ მეწარმე, არამედ მომხმარებელიც. არაერთი ფაქტი არსებობს, როდესაც ქართველმა მწარმოებლებმა შეძლეს, გამოეყენებინათ აღნიშნული შესაძლებლობა და ჩვენ მათ მივესალმებით,“ - არველაძემ.
მისივე თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების დადებითად აისახება ქვეყნებს შორის საქმიანი წრეების დაახლოების პროცესზე. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომ თანამშრომლობაზე ამ სფეროში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვნად მზარდი სექტორია.
შეხვედრის ფარგლებში გენადი არველაძემ ასევე უპასუხა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ, შეთანხმებებთან დაკავშირებულ კითხვებს.