„ვიმედოვნებთ, რომ „ალმერიის განვითარების მოდელით“ ქართველი მეწარმეებიც დაინტერესდებიან"

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „ალმერიის აგრარული მოდელის“ პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, ღონისძიება ალმერიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და „ევრობიზნეს კონსალთინგის“ ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ალმერიის განვითარების მოდელი“ საქართველოსთვის და ქართველი ინვესტორებისთვის საინტერესო პრაქტიკაა.

„ალმერიის მოდელი საკმაოდ ცნობილია და წარმატების მაგალითია, რომლითაც რამდენიმე ქვეყანა დაინტერესდა და პრაქტიკაში განახორციელა. ეს მოდელი ჩვენთვისაც საინტერესოა და ვიმედოვნებთ, რომ „ალმერიის განვითარების მოდელით“ ქართველი მეწარმეებიც დაინტერესდებიან და ამ კუთხით თანამშრომლობის პირველი მაგალითები გაჩნდება. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანასთან ამ მოდელის ადაპტირება და განხორციელება, სასარგებლო იქნება და ახალ მუხტს მისცემს სასათბურე მეურნეობების განვითარებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ღონისძიების მონაწილეებს ესპანეთიდან ალმერიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ვიქტორ კრუსი ჩაერთო, რომლის განცხადებითაც, „ალმერიის განვითარების მოდელი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდა მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. პრეზენტაციაზე მოდელის სხვადასხვა ასპექტები და საქართველოში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებიც განიხილეს.

„ალმერიის განვითარების მოდელის“ საფუძველზე ესპანეთის ალმერიის რეგიონმა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას გასული 50 წლის მანძილზე მიაღწია. ალმერიის მოდელის განხორციელების პროცესში დაიხვეწა და განვითარდა სასათბურე მეურნეობები, სარწყავი სისტემები, სანერგე მეურნეობები, ბიოლოგიური კონტროლის მეთოდები, აგროქიმიკატებისა და სასუქების გამოყენების სისტემა, ენერგოეფექტურობის მეთოდები, განვითარდა პროდუქტის შეფუთვის ფორმები, შენახვა-დასაწყობების სისტემები, ბიზნეს-ასოციაციები, აგროინდუსტრიის სასწავლო პროგრამები და სხვა.