სემეკმა მოქალაქეებს 270 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებით, პირველ კვარტალში მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში, 278 050 ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაცით, იანვარში, თებერვალსა და მარტში სემეკმა 24 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 783 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს.

„მოქალაქეთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიების დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა წარადგინეს“,- ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს მიმართონ. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ისე სემეკის Facebook გვერდზე შეუძლიათ.