ბრუნეის სულთანი ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიღებული ახალი კანონების გამო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა - სასულთნოში გეი მამაკაცები ქვებით ჩაქოლვით, ჰომოსექსუალი ქალები კი - გაროზგვით დაისჯებიან. ქურდობისთვის სასჯელი კიდურების ამპუტაციაა, საწინააღმდეგო სქესის სამოსის ჩაცმისთვის კი მოქალაქეებს პატიმრობა ელით.
მსოფლიოს ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ცნობილმა ადამიანებმა სულთნის გადაწყვეტილება სასტიკად დაგმეს, თუმცა ჰასან ალ ბოლკიაჰი ამბობს, რომ ბრუნეი სუვერენული ქვეყანაა და როგორც ყველა სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფო, კანონებს დამოუკიდებლად მიიღებს, სხვების აზრის გათვალისწინებას კი არ აპირებს.
ჰასან ალ ბოლკიაჰი ბრუნეის 29-ე სულთანია. millionairessaying.com-ის ინფორმაციით, 1990-იან წლებში ის 40 მილიარდი დოლარის ქონებით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად მიიჩნეოდა.
ამჟამად მისი ქონების ღირებულება 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. ყოველწამიერად ის 90 ევროს გამოიმუშავებს. ვარაუდობენ, რომ სულთნის ვაჟი პირველი ტრილიონერი ადამიანი იქნება.
წყარო: ambebi.ge