ტაქსების რეფორმის ფარგლებში, თბილისში ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებზე 1-ლი მარტიდან დღემდე 136 გადაღებვის ვაუჩერი გაიცა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მომსახურებაზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ალმას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გადაღებვის ვაუჩერი უკვე გაანაღდა და ისარგებლა 24-მა ლიცენზირებული ტაქსის მძღოლმა.
„3 აპრილის მდგომარეობით გაცემულია 136 ღებვის და 19 ქიმწმენდის ვაუჩერი. ღებვის ვაუჩერებიდან დღეის მდგომარეობით გასანაღდებლად არის მოსული 24 ვაუჩერი და ამათზეც შემდეგ გაცემულია ქიმწმენდის ვაუჩერი“, - აცხადებს გიორგი ტრაპაიძე.
შეგახსენებთ, პირველი მარტიდან ტაქსის მძღოლებს საკუთარი ავტომობილებისთვის ორი სახის ვაუჩერი გადაეცემათ. ერთი ვაუჩერი ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდისთვის არის განკუთვნილი, მეორე კი, სატრანსპორტო საშუალების გადაღებვისთვის. როგორც ცნობილია, ტაქსებთან მიმართებაში ახალი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.