2019 წელი საქართველოში ცხვართან დაკავშირებული საქონლით აქტიური ვაჭრობით დაიწყო, მაგრამ იმპორტისა და ექსპორტის სტრუქტურა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ამის შესახებ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის თებერვლის აგრო მიმოხილვაშია აღნიშნული.
საქსტატის მიხედვით, საქართველო საერთაშორისო ბაზარზე ყიდულობდა ცოცხალ ცხვარს და სანაცვლოდ ყიდდა ცხვრის ხორცს. იმის მიუხედავად, რომ წლის დასაწყისი, ზოგადად, ცოცხალი ცხვრის (HS 010420) აქტიური იმპორტით არ გამოირჩევა (მაგ., 2014 და 2017 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტი ნულის ტოლი იყო), ბოლო 2 თვეში საქართველომ უცხოეთიდან ცოცხალი ცხვრის შეძენაზე 1.5 მლნ აშშ დოლარი, ორჯერ უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 2018 წლის იანვარ-თებერვალში.
კვლევის მიხედვით, ცოცხალი წვრილფეხა პირუტყვის იმპორტი ბოლო 3 წელიწადში განსაკუთრებით გაიზარდა და 2018 წელს ცოცხალი ცხვრის იმპორტის ახალი რეკორდი 7.5 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 3.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2014 წლის წინა რეკორდულ სიდიდეს.
„2019 წლის დასაწყისი გამოირჩეოდა საქართველოდან ცხვრის ხორცის ექსპორტის მხრივაც, რომლის ზრდის ტემპმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ცოცხალი ცხვრის იმპორტის ზრდის ტემპს, როგორც აბსოლუტურ, ისე შეფარდებით მაჩვენებლებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ბატკნის ახალი ან გაცივებული ხორცის (HS 020410) ექსპორტი მხოლოდ და მხოლოდ 2017 წელს დაიწყო, მაგრამ მისმა ღირებულებამ 12 თვეში 14 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ეს მაჩვენებელი კი გაორმაგდა 2018 წელს (31 მლნ აშშ დოლარი). ჯერჯერობით, 2019 წლის მონაცემებიც ოპტიმისტურია.
საქსტატის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ცხვრის ხორცის ექსპორტმა 2.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 47%-ით (0.7 მლნ აშშ დოლარით) აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლების ზრდა არ მომხდარა რეექსპორტის ან რეიმპორტის ხარჯზე. მაგალითად, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე სულ რაღაც 0.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ცოცხალი ცხვარი გავიდა, ხოლო იმავე პერიოდში ბატკნის ახალი და გაცივებული ხორცის იმპორტი საერთოდ არ დაფიქსირებულა,“-აღნიშნულია „აისეტის“ მიმოხილვაში.