თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილებს ყურადღებას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არასამსახურებრივი მიზნით ავტომობილის გამოყენების გამორიცხვის მიზნით, პერსონალური ავტომანქანების ნაცვლად შეიქმნა ავტოპარკი, რითაც 2018 წელს საშუალო წლიურმა ეკონომიამ 222 429 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, მნიშვნელოვნად შემცირდა საწვავის ხარჯები; შეიქმნა სარემონტო ბაზა, რითაც საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად ასევე მნიშვნელოვანი თანხები დაიზოგა.
“აქცენტი კეთდება არა ძვირად ღირებული ავტომანქანების შესყიდვაზე, არამედ უწყების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. ნატო-სა და პარტნიორებთან გაზრდილი ურთიერთობების მიუხედავად, შემცირებულია სამივლინებო ხარჯები. მიუხედავად გაძლიერებული ურთიერთობისა ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან, წარმომადგენლობით ხარჯებში თავდაცვის სამინისტრო ინარჩუნებს გონივრულ მაჩვენებელს, რაც დაზოგავს თანხებს, თუმცა ამასთანავე, არ დააზარალებს უწყების გაზრდილ დინამიკას”, - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.